სამშაბათი, 14.05.2024, 02:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » არჩილ გეგეშიძე - ოპოზიციის გააქტიურებისაგან არც დიდ რყევებს და არც რევოლუციურ გარდაქმნებს არ ველი
არჩილ გეგეშიძე - ოპოზიციის გააქტიურებისაგან არც დიდ რყევებს და არც რევოლუციურ გარდაქმნებს არ ველი
13:24
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მოსკოვის მიერ სრული კონტროლის დაჩქარებულად დაწესების მიზეზებზე, ნიცაში 18 ნოემბრისათვის დაგეგმილი შეხვედრისა და მედვედევის ერევანში ვიზიტის ჩვენთვის სავარაუდოდ ცუდ შედეგებზე, ასევე ოპოზიციის ნოემბრისათვის გააქტიურების სავარაუდო სცენარებზე პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძემ ისაუბრა.

- ბატონო არჩილ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვის სურვილი დაჩქარებული ტემპებით “სამართლებრივად” გააკონტროლოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია?

- ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მოსკოვმა 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაიწყო. ეს პროცესი პრაქტიკულად უფრო ადრეც დაიწყო, როცა პუტინის 16 აპრილის განკარგულებით რუსეთის სამინისტროებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დამყარება დაევალა.

ახლა ხდება სოხუმთან და ცხინვალთან მოსკოვის მიერ დადებული ხელშეკრულებების რატიფიცირება. რუსეთი ცდილობს ამ რეგიონებში მის საქმიანობას სამართლებრივი სახე მისცეს.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლება, ამ რეგიონებში ბაზების მშენებლობა, მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასაკონტროლებლად “სრულფასოვანი სამართლებრივი ბაზის შექმნა”, ამ რეგიონების მაქსიმალურად კონტროლს ქვეშ აყვანას ემსახურება. მოსკოვი ცდილობს ის, რაც ცეცხლითა და მახვილით მოიპოვა, მაქსიმალურად გააკონტროლოს და დიპლომატიური გზით ვინმემ არ დაათმობინოს.

- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების სრულფასოვნად გაკონტროლების შემდეგ ეს რეგიონები დასავლეთისათვის და ჩვენთვის პრაქტიკულად სრულად ჩაიკეტება.

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარება საზღვრის ფიზიკურ გაკონტროლებაზე და იქ სამხედრო ბაზების მშენებლობაზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, როგორი იქნება რუსეთის დამოკიდებულება იმაზე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განხორციელდეს სხვადასხვა ეკონომიკური პროექტები. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე თავად სოხუმისა და ცხინვალის დამოკიდებულება და პოლიტიკური ნება.

ფიზიკურად იქნება თუ არა ენგურზე მესაზღვრე და გაავლებენ თუ არა მავთულხლართებს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, დართავს თუ არა ნებას რუსეთი ამ რეგიონებს ჰქონდეთ კავშირი გარე სამყაროსთან.

- რას შეიძლება ველოდოთ ნიცაში, ევროკავშირის ეგიდით 18-19 ნოემბრისათვის დაგეგმილი შეხვედრისაგან?

- ნიცასგან უნდა ველოდოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას, მაგრამ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი, ამაზე საუბარი რთულია. ნიცაში, ისევე როგორც ჟენევაში არა პროცედურულ და ნაკლებად მნიშვნელოვან, არამედ ძალიან სერიოზულ საკითხებზე უნდა ემსჯელათ.

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სტატუსით იქნებიან იქ წარმოდგენილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ამაზეა დამოკიდებული ჟენევის პროცესის მთელი სულისკვეთება. ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ მე ვერ ვხედავ ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტის საშუალებას და ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, რომ 18 ნოემბრამდე ეს ყველაფერი გაირკვეს.

ეს საკითხი მხარეებს შორის ფუნდამენტალური პოზიციების განსხვავებულობის ნაწილია და მას საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა საზღვრებში მოაზრება ჰქვია. რუსეთი საქართველოს ტერიტორიებად არ მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო დანარჩენი სამყარო ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილებად თვლის. ეს საკითხი ორგანულად ერთიანი, სერიოზული პოლიტიკური საკითხის ნაწილია, რის გამოც პრობლემა შეიქმნა ჟენევაში და ვერ ვხედავ ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს 18 ნოემბრამდე.

- რუსული მედია დაუფარავად და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედვედევის ერევანში ვიზიტისას საუბარი იქნება საქართველოზე. იმის ფონზე, რომ რუსეთი კავკასიაში საგრძნობლად გააქტიურდა, თქვენი აზრით, კიდევ რა სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ მოსკოვისაგან?

- აგვისტოში განვითარებული პროცესების ფონზე ამ ეტაპზე კრემლი ეცდება არ დაუშვას სომხეთისა და აზერბაიჯანის რუსეთის სფეროდან გასვლა და შეინარჩუნოს ამ რესპუბლიკებზე არსებული კონტროლის დონე. რუსეთს არ აწყობს რეგიონში თურქეთის გააქტიურება, სომხეთ-თურქეთის დაახლოების პერსექტივების გაჩენა.

ფაქტია, რომ საქართველოში ომის შემდეგ მთელ მის სამეზობლოში რუსეთისადამი შიში გაძლიერდა. კავკასიაში თავისი პოლიტიკის გააქტიურებით რუსეთი პროდასავლური განწყობილებების განეიტრალებას ცდილობს.

მედვედევის ერევანში ვიზიტი შეიძლება უკავშირდებოდეს იმასაც, რომ რუსეთმა მის სამეზობლოშიც კი ვერ მიაღწია მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში. როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მცდელობას ადრე თუ გვიან დაითანხმოს დსთ-ს ქვეყნები სოხუმისა და ცხინვალის აღიარების საკითხში. ცხადია, რომ მედვედევის ერევანში ვიზიტის ერთ-ერთი თემა საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ეს იყოს.

- სომხეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას რუსეთის მხრიდან მთიანი ყარაბაღის აღიარებას უკავშირებს.

- რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი გააჩნია და იგი შეეცდება ერევანს მოახსნევინოს ეს მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში სომხეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითი, შესაძლოა, არ დაუკავშიროს მთიანი ყარაბაღის აღიარება-არაღიარების საკითხს.

- 7 ნოემბერი ახლოვდება. ოპოზიცია საგრძნობლად გააქტიურდა. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები და მოსალოდნელია თუ არა ველოდოთ დიდ რყევებს პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- თეორიულად ყველანაირი სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები, მაგრამ თუ კი ვარაუდებზე მიდგა საქმე, არ ვფიქრობ, რომ მკვეთრი და დიდი რყევებია მოსალოდნელი დროის მოკლე მონაკვეთში.

პოლიტიკური პროცესების ამპლიტუდა და დინამიკა გარკვეულად გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება მაინც დროში გაწელილი პროცესი. ეს შეიძლება არა მარტო თვეებში, წლებში გაწელილი პროცესი იყოს. ნოემბერში ოპოზიციის გააქტიურებისაგან არც დიდ რყევებს და არც რევოლუციურ გარდაქმნებს არ ველი. არ ველი იმას, რომ ათიათასობით შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნით ეს ხელისუფლება გადადგება ან მას ძალით გადააყენებენ. ასეთ სცენარს არ ველი, მაგრამ შიდაპოლიტიკური ტემპერატურა ფაქტია, რომ საგრძნობლად აიწევს.

არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის აქტიურობის შედეგად გაღრმავდეს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია. გადაიდგას ნაბიჯები ხელისუფლების კონტროლისაგან მედიის განთავისუფლების თვალსაზრისით, რეალური ნაბიჯები გადაიდგას სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საკუთრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, აგრეთვე ის, რაც საარჩევნო სისტემის ფუნდამენტალურად გადახედვას უკავშირდება და კიდევ სხვა რამ, რაც დემოკრატიის ახალ ტალღაში მოიაზრება.

თუკი მასობრივი აქციები კარგად იქნება ორგანიზებული და კარგად მართული, ამ აქციების შედეგად შესაძლოა ქვეყნისათვის მართლაც საჭირო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, მაგრამ ნოემბრის აქციებისაგან მკვეთრ და კონსტიტუციის მიღმა პროცესების განვთარების ალბათობას, ნაკლებად ველი.

Просмотров: 788 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz