ორშაბათი, 23.10.2017, 03:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » როცა ქვეყანაში პოლიტიკა მეფობს, ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე აუცილებლად მივა
როცა ქვეყანაში პოლიტიკა მეფობს, ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე აუცილებლად მივა
16:51
რამდენჯერაც წავიდნენ პოლიტიკიდან, იმდენჯერვე უკან დაბრუნდნენ, მხოლოდ - ახალ ამპლუაში. ძალაუფლების ტკბობით ცდუნება იმდენად დიდია, რომ წასულები ამჯერადაც მოსასვლელად ემზადებიან. თითოეული მათგანი ქვეყნის სიყვარულში ისე გეჯიბრება, ეჭვი გეპარება: იქნებ შენ იჩუქე მილიონიანი აგარაკი ერთ ლარად… იქნებ, შენ ჩაახუტე ქართული ენერგეტიკა რუსებს… ან, იქნებ, შენი მმართველობის დროს ატერორებდა პროკურატურა ბიზნესს…

ისეთი განცდა გეუფლება, მოსახლეობა ამნეზიით დაავადდა, ან ისეა გაბითურებული, რომ პასუხს არც წამსვლელს სთხოვს და არც მომსვლელის მიზანს კითხულობს. ყოველი მომსვლელი დროდადრო ლოზუნგებს ცვლის, მაგრამ საბოლოოდ, ქართულ პოლიტიკურ პროტესტს ერთი სახელი აქვს - ყველა ერთის წინააღმდეგ.

ერთ დროს ყველანი ერთად, შევარდნაძესთან სინქრონულად მოქმედებდნენ და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე ხმას არ იღებდნენ. მას შემდეგ, რაც მოძლიერდნენ, მეტი მოინდომეს და ”მოქალაქეთა კავშირს” გამოეყვნენ. თანდათან დაიწყეს თავიანთი პროტესტის გამოხატვა და ბოლოს, შევარდაძესთან დაპირისპირებით (რაშიც დასავლეთის მხარდაჭერა მიიღეს), ძალაუფლება ხელში აიღეს.

მაშინ საზოგადოება მათ უპირობოდ გაყვა, რადგან მათ ჰქონდათ ძალა, რომელმაც ხალხში რწმენა გააჩინა. მაშინ, ”ვარდების რევოლუციის” გარიჟრაჟზე, ყველანი ერთად იდგნენ - ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი და მათ მზეს ეფიცხებოდა კიწმარიშვილი. დღეს ყველა მათგანი სააკაშვილს დაუპირისპირდა, რადგან ის ”ერთი” ახლა განსაცდელშია და პოლიტიკაში დღეებს უთვლიან. 

ერთი ხელისუფლება, სამი ოპოზიცია და სამი ამომრჩეველი
ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, სააკაშვილი, ჯერჯერობით, არსად წასვლას არ ჩქარობს და ამდენად, გამომშვიდობაზე საუბარი სასაცილოა. თუმცა, 7 ნოემბრის შემდეგ გამოჩნდება ვინ, როგორ და სად წავა. მანამდე ოპოზიციის ლიდერები თათბირობენ და ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევენ.

რა შანსები აქვს დღეს ოპოზიციას, ძნელი სათქმელია. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მათი შანსები მოსახლეობის პოლიტიკურ მენტალიტეტზე იქნება დამოკიდებული.

-”პარტიები პოლიტიკური სტილის მიხედვით გაერთიანდებიან. ბურჯანაძე უფრო ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, ანალოგიური სტილი აქვთ ”რესპუბლიკელებს” და ”მემარჯვენეებს”. ამიტომ,  ვფიქრობ, რომ ეს სტილი მათ დააახლოებს”.

- ”რაც შეეხება ნოღაიდელს, ალბათ, იგი ისეთ პოლიტიკურ გარემოს მოძებნის, სადაც ეკონომიკური საკითხები წინა პლანზე იქნება წამოწეული. თუმცა, დღეს ძნელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოინახოს პარტია, რომელსაც ეკონომიკური საკითხები წინა პლანზე აქვს გამოტანილი”.

ნოღაიდელმა ეულად რომ არ იგრძნოს თავი, მას ბურჯანაძესთან გაერთიანებასაც უწინასწარმეტყველებენ. ბოლოს და ბოლოს, ეს ის ხალხია, რომელთათვის სააკაშვილი მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც თავად დაკარგეს ”ხელმწიფის კარზე” გავლენა. ამასთან, საერთო ინტერესები და საერთო წარსული აქვთ.

თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში იმის შესახებაც აქტიურად საუბრობენ, რომ მმართველ ძალას კიდევ რამდენიმე პერსონა დააკლდება და ისინიც ოპოზიციაში გადაბარგდებიან. შესაძლოა, ისინიც ბურჯანაძის გუნდში ვიხილოთ.

ამ ეტაპზე, პოტენციურ ოპოზიციონერებად გიორგი ბარამიძე და ძმები - გელა და დავით ბეჟუაშვილები სახელდებიან. როგორც ამბობენ, ეს სია ამით არ ამოიწურება, მაგრამ ვნახოთ - ჯერჯერობით, რამის მტკიცება შეუძლებელია. თუ სააკაშვილის სავარძელი ძლიერ შეირყა, შესაძლოა, ოპოზიციაში ”ნაციონალებიდან” კიდევ ბევრი გადაბარგდეს.

განვლილმა წლებმა დაგვარწმუნა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, გაოპოზიციონერებულ ხელისუფლებას არც შეცდომებს უხსენებს და ხშირად, ბელადადაც აღიარებენ. ბურჯანაძის და ნოღაიდელის ბელადობა უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ რაც შეეხება ოქრუაშვილს, გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს, რომ ოპოზიციაც თითქმის გაკოტრებულია და ლიდერიც კი არ ყავს.

ქართულ საზოგადოებას კი, რატომღაც, ლიდერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ბელადომანიას ჯერაც ვერ მორევია. რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკას გუნდს ადარებს, სადაც სოლისტი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

- ”მოსახლეობის ნაწილი ”სოლისტებზე” უფროა ორიენტირებული, ვიდრე გუნდურ შესრულებაზე. ამიტომ, თუ კონკრეტულ ლიდერზე ვიქნებით ორიენტირებული და ჩავთვლით, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი არავინ გვეგულება, ხელის ჩაქნევა მოგვიწევს. გუნდის მომღერალი სოლისტის დონის მომღერალი ვერ იქნება, მაგრამ გუნდურ სიმღერასაც თავისი ფუნქცია აქვს”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ამ გუნდში პირველ ადგილს ნოემბრის მოვლენებში მონაწილე ოპოზიცია იკავებს, პარლამენტში შესულების გამოკლებით. ისინი გაერთიანებას ალბათ, ვერ მოახერხებენ და ამის არც საჭიროება არსებობს, მაგრამ 7 ნოემბერს, ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ერთად გამოხატვას გეგმავენ. შეძლებენ თუ არა ქუჩაში მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამოყვანას, ეს იმაზეა დამოკიდებული, ხალხს რამდენად დაარწმუნებენ თავიანთ ქმედითუნარიანობაში.  

პარლამენტში შესული ოპოზიცია კი უკვე აღარ განიხილება ოპოზიციად და ეჭვი არავის ეპარება, რომ ისინი ხელისუფლების გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს. თუმცა, მომხრეების შემოკრებას ისინიც შეძლებენ და ეს იქნება ის კატეგორია, რომელიც დღემდე ”ნაციონალების” მზეს ფიცულობს.

პოლიტიკურად განუვითარებლების გამოყენების თეორია
რატომ შედის ხალხი ერთა იგივე წყალში ორჯერ, რთული სათქმელია. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს ყოველთვის, ძალის ნიშანი ახლავს. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ თავადაც იგივეს ამბობს, რასაც სხვა ოპოზიციონერი, უფრო სწრაფად იკრეფს რეიტინგს. ვნახოთ, რამდენად მაღალი იქნება ბურჯანაძის, ნოღაიდელის და ოქრუაშვილის რეიტინგები.

-”ხალხი ემოციებით მოქმედებს - როცა ცხელა სიგრილეს ნატრობს, ხოლო როცა ცივა სითბო ენატრება. ხალხს რაც იმ წუთას აწუხებს, უნდა, რომ ის პრობლემები მოაგვაროს და ზოგადი თეორიებით არ ხელმძღვანელობს. როცა ქვეყანაში კორუფცია იყო გამეფებული, მაშინ სააკაშვილ-ჟვანიას გუნდის პოზიციები იყო წამყვანი და, როგორი უნდა ყოფილიყო ამ გუნდის მომავალი არავინ დაფიქრებულა,” - ასე აფასებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ერის ფსიქიკას.

როგორც ჩანს, ახლაც ასე იქნება. მითუმეტეს, რომ დღესაც ბევრი რამ აწუხებს ხალხს - საკუთრების თემა, დაკარგული ტერიტორიები, სამართლიანობის პრობლემა, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ხალხი ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს და ხსნას ოპოზიციაში ხედავს. თუმცა, რა იქნება მომავალში ახლაც არავინ ფიქრობს.

ხალხი ხელისუფლებას და ოპოზიციასაც ყოველთვის გამოყენების მიზნით უყურებს და ალბათ, ასეც უნდა იყოს. თუმცა, ზოგჯერ, პრაგმატულობას ემოციები სჭარბობს და ხალხის სიყვარული ფანატიზმამდეც მიდის, რაც ქვეყნისთვის ყოველთვის საბედისწეროდ მთავრდება.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის მიზეზი საქართველოში პოლიტიკური კულტურის არარსებობაა და მისი ზრდის დიდი იმედიც არ უნდა გვქონდეს.

– ”როცა ხალხი დემოკრატიულ სისტემას ეჩვევა, სისტემის გასამყარებლად იცის რა მანევრი უნდა გააკეთოს. მაგალითად, ამერიკელი ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთი პარტიიდან ირჩევს, ხოლო პარლამენტს - მეორედან. თუმცა, ყოველთვის ასეც არ გამოსდის და ამიტომ, დღეს ამერიკელები თავიანთ თავს საყვედურებენ, რომ ეს ბალანსი არ დაიცვეს”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ქართულ პოლიტიკაში კი, ამომრჩევლების ნაწილი დღემდე ფულზე იყიდება. ფული კი ყოველთვის სახელისუფლებო პარტიისა და მისია პრეზიდენტიც და პარლამენტიც. საზოგადოების მაღალი პოლიტიკური კულტურა დასავლეთში პარტიებს აიძულებს პროგრამების ინტელექტუალური მხარე მუდმივად მოწესრიგებული ჰქონდეთ. საქართველოში კი პარტიებს ამას არავინ სთხოვს და ისინიც კონცეფციებზე ფიქრით ზედმეტად თავს არ იწუხებენ.

ყველა ხელისუფლების დროს პარტიები ისე მოდიოდნენ, რომ მათთვის არავის უკითხავს კონცეფცია და, ძირითადად, ლოზუნგებით შემოიფარგლებონენ. ზვიადის დროს ლოზუნგი იყო: ”თავისუფალი საქართველო”. შევარდნაძეს დროს -”სტაბილურობა”, სააკაშვილის ძირითადი მოთხოვნა კი - ”ძირს შევარდნაძე”. მაშინ ეს ლოზუნგები მართავდა სიტუაციას.

ოპოზიციის დღევანდელი ლოზუნგიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს სააკაშვილის ლოზუნგს, იმ მცირეოდენი განსხვავებით, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ნაკლებად რადიკალურია და სააკაშვილის ძირს ჩამოგდებას არჩევნების გზით გეგმავს.

სააკაშვილის დაღმართი
სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება კი იგეგმება, მაგრამ საყვარელიძე თვლის, რომ თავად სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მარტივად შეიძლება.
- ”იგი ბრწყინვალე პოლიტიკური მებრძოლი და პოლიტიკური ინტუიცის მქონე პიროვნებაა”.

ამას თუ დავუმატებთ ავანტიურას, რომელიც, კარგი თუ ცუდი გაგებით, პოლიტიკოსის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია ძველებულრი მეთოდებით მასთან გამკლავებას ვერ შეძლებს.

თუ ოპოზიცია უფრო გააქტიურდება, შესაძლოა პროცესები უმართავიც გახდეს და არც ისაა გამორიცხული, რომ ამან ქვეყანა კვლავ კრიზისამდე მიიყვანოს. თუმცა, საყვარელიძე კრიზისებსაც კატეგორიებად ყოფს და ამბობს, რომ საქართველო დიდი ხანია ეკონომიკური კრიზისის პირისპირ დგას.

ექსპერტის აზრით, თუ გამოსვლებს და მიტინგებს პოლიტიკურ კრიზისად შევაფასებთ, იგი რა თქმა უნდა, აუცილებლად გაჩნდება. თუმცა, პოლიტიკურ კრიზისად  მიიჩნევა მდგომარეობა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ისე იყოფა, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ასეთი კრიზისი კი ამ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ უდგას.

- ”მაგრამ როცა ქვეყანაში პოლიტიკა მეფობს ეკონომიკაზე და თანაც ამ ხარისხით, ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად, ეკონომიკურ კრიზისამდე მივა”.

სააკაშვილის ხელისუფლებისთვის კი ეს ვერაფერი შეღავათია, რადგან სწორედ ეკონომიკური კრიზისი მიიყვანს მას სრულ პოლიტიკურ მარცხამდეც. როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდება, რადგან ხელისუფლებამ ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა ჭკუა და სხვისაზე - მითუმეტეს.

Просмотров: 386 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz