ხუთშაბათი, 16.05.2024, 05:42
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » ”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საფლავიდან ამოვძვერი”
”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საფლავიდან ამოვძვერი”
17:07
 
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის გამწვავების დღიდან, თბილისში მცხოვრები კასრაძეების ოჯახი უშედეგოდ ცდილობდა ერგნეთში მყოფი მამის, შალვა კასრაძის გამოყვანას. მათ და ყველა გულშემატკივარმა ყოველდღიურ რეჟიმში სცადა ყველა სახელისუფლო რგოლის, წითელი ჯვრის, თუ საპატრიარქოს ჩართვა ამ საქმეში. მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციებს გამოცხადებულ ცხელ ხაზებზე. მაგრამ პასუხი ერთი იყო: ერგნეთში შესვლა შეუძლებელია.

სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ ერგნეთიდან გამოღწეულთაგან არასახარბიელო ინფორმაციები მოდიოდა. ბატონი შალვას ქალიშვილი, მამის დაუძლურების გარდა, იმაზეც დარდობდა, რომ მასთან მობილურ ტელეფონზე დაკავშირება შეუძლებელი გახდა, უშუქობისა და ანძების დაზიანების გამო და არ იცოდა, რისი მარაგი ამოეწურა, საკვების, თუ წამლების. ამას გარდა, ისიც იცოდა, რომ მამა ფეხით შორ მანძილზე სიარულს ვერაფრით შეძლებდა. ამდენად, სახლსაც ვერ დატოვებდა და თუ მომხდურ ჯალათებს გადაურჩებოდა, დარდით და უჭმელ-უსმელი მაინც მოკვდებოდა.

15-დღიანი მტანჯველი ლოდინის შემდეგ, ოჯახის მეგობრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა ყველა შესაძლო გზა მოესინჯათ 82 წლის დაუძლურებული ადამიანის გამოსახსნელად. ორი დღის მცდელობის შემდეგ, ინიციატივა თავის თავზე მეგობარმა ქალმა იკისრა. იგი თავისი მანქანით და შალვას ბიძაშვილების დახმარებით, მეღვრეკისამდე ჩავიდა. მერე მამაკაცები ფეხით, ბილიკებით შევიდნენ სოფელში და უიმედობაში მყოფი მოხუცი სამშვიდობოს გამოიყვანეს. ახლა იმ წუთების გახსენებას ბატონი შალვა ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.

ერთი თვით ადრე ჩახვედით სოფელში. 7 აგვისტომდე მართლა აწიოკებდნენ ქართულ სოფლებს ოსები?
- არა, აწიოკება არ ყოფილა. მაგრამ სროლები იყო ნიქოზის მიმართულებით. ჩვენებიც პასუხობდნენ. მაგრამ იქედან თანდათან გააქტიურდა სროლები და მერე ჩვენმა ძალებმა დაიწყეს იმათი საცეცხლე წერტილების განადგურება. 8 აგვისტოდან რაც მოხდა, კი იცით. ჩემს სოფელზე გადის გზა ცხინვალისაკენ. 8 აგვისტოს გამთენიამდე მოდიოდნენ და მოდიოდნენ ქართული შენაერთები.

ტანკების გრუხუნი მთელი ღამე ისმოდა. აცხადებდნენ, ჯავა დაგვრჩა ასაღებიო. მაგრამ როგორც გავიგე, მთლიანად არც აკონტროლებდნენ ცხინვალს და როკიდან რომ ჩაუკეტეს გზა, რუსეთის ავიაციამ დაბომბვა დაიწყო. მე როგორც ვიცი, იმ ტანკების უკან გამოსვლა ცხინვალიდან არავის უნახავს. მოსახლეობაში ამბობენ, რომ ტანკისტებმა თავს გაქცევით უშველეს, მაგრამ სად წავიდოდნენ?!

გქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 7 აგვისტოს ცხინვალიდან ოსები და რუსები უკვე გაიყვანილი ყავდათ და იქ მხოლოდ ქართული მოსახლეობა იყო დარჩენილი?
- კი, წინა დღეებში იყო ასეთი ინფორმაცია მეზობლებში და ისინიც აცხადებდნენ, რომ ცხინვალიდან ბავშვები, ქალები და მოხუცები გაიყვანეს. ჩვენი სახელმწიფო მინისტრი იაკობაშვილი ამბობდა, რომ ეს ტყუილი იყო. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მართლაც ასე იყო და ისინი მზად იყვნენ ამ ბრძოლისთვის. დაზვერვა მუშაობს და იცოდნენ, რაც ხდებოდა.

თქვენსკენ თუ იყო ასეთი გაფრთხილება, რაიმე რუსეთიდან მოსალოდნელიაო?
- არაფერი ამის მსგავსი. აბსოლუტურად არაფერს ველოდებოდით. ნიქოზის მხარეს კი იყო სროლები, მაგრამ ჩვენსკენ არაფერი ხდებოდა და რას წარმოვიდგენდით? ბრძოლები რომ დაიწყო, უკვე 8 აგვისტოდან, ისეთი ინტენსიური სროლები იყო ორივე მხრიდან მთელი ღამე, რომ ყურთასმენა არ იყო. ბამბები მედო ყურში, მაგრამ სარდაფში მაინც ვერ ვიძინებდი. ყველანი გარეთ ვიყავით. ეს იყო ენითაუწერელი სიტუაცია. 11 აგვისტოს კი, დაბომბვები რომ დაიწყო, მაშინ მოხდა ჩვენი ჯარის განადგურება და რუსის ჯარის გამოსვლა გვირაბიდან. მერე მოედნენ მთელს ხეობას და გაიშალნენ.

თუ იგრძენით რუსის ჯარის სისასტიკე, ისე, როგორც გორში?
- არა, ჩვენთან უბრალოდ ჩამოიარეს და გორისკენ წავიდნენ. ჩვენთან არაფერს არ შეხებიან. მაგრამ მერე დაიწყო ოსების და კავკასიელების მარადიორობა. სამ-სამად დადიოდნენ. შემოდიოდნენ ოჯახებში და ძირითადად ღვინოს და საჭმელს ითხოვდნენ. ძროხებს კლავდნენ და ქეიფობდნენ. მეზობელს სახლში მაღაზია ჰქონდა გახსნილი. იქ რომ შევიდნენ, ყველაფერი გაიტანეს. ბოლოს ტუალეტის ქაღალდი დაუვარდათ და ისიც არ დატოვეს.

თქვენს ეზოში ბომბი რომ ჩამოვარდა, გავიგე, სასწაულებრივად გადარჩენილხართ...
- ამდენი ღამის უძინარი და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი, დღისით ეზოში ვიყავი წამოწოლილი. დამცხა და სარდაფში ჩავედი. ორი ჭიქა ღვინო დავლიე და ცოტა ხანში ისე ჩამძინებია, რომ ვერც კი გავიგე, როგორ დაეცა ბომბი იმ საწოლს, ეზოში რომ მედგა და რომელზეც 20 წუთის წინ ვიწექი. მაგრამ აფეთქების ნამსხვრევები სარდაფის ფანჯრიდან მაგიდას დაეცა. ამის ხმამ კი გამომაღვიძა, მაგრამ ვერ მივხვდი, დასავლეთის მხრიდან რა უნდა შემოვადნილიყო ფანჯრიდან და რეაქცია არც მქონდა.

ამ დროს მეზობლის ქალის კივილი გავიგე. იმან ჩემი გასაშლელი ლოგინის აფეთქება რომ დაინახა, ეგონა, მეც ნაფლეთებად ვიქეცი. წამოვდექი მისი კივილის ხმაზე, რა მოხდა-თქო. და ვნახე, როგორ სასწაულებრივად გადავრჩენილვარ. სახლი და ეზო კი განადგურებული დამხვდა. მას შემდეგ სარდაფში ჩავდიოდი. სხვების სახლებსაც დაეცა. მაგრამ ერთი რამ არის აღსანიშნავი - სოფელში სულ 9 ადამიანი დავრჩით, მხოლოდ მოხუცები. 2 ქალი იყო ჩვენს შორის და ერთი მათგანი ოსია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ქალმა გადაგვარჩინა, ის იყო მეხამრიდი. ვინმე რომ შემოვიდოდა, ის ოსურად დაუცაცხანებდა და გვტოვებდნენ. მაგრამ ცარიელ სახლებს ამორჩევით წვავდნენ. ირგვლივ შემოასხამდნენ ბენზინს და 10 წუთში ყველაფერი ნადგურდებოდა. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ აფეთქებისას, ერთი მეზობელი ხელში დაიჭრა. ჩვენთან ხომ არც სამედიცინო პუნქტი იყო. ამიტომ რუსების ბლოკპოსტთან მიყავდათ და იქ უხვევდნენ ჭრილობას.

აქამდე ხმა ვერავის მიაწვდინეთ. გუშინწინ რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა თქვენს გამოსაყვანად მოვიდნენ.
- 2 სექტემბერს უკვე გადავწყვიტე, რომ არანაირი გამოსავალი არა მაქვს და ვიყავი სიკვდილმისჯილი საკანში, ველოდებოდი სიკვდილს, სრული ამ სიტყვის მნიშველობით, მეტი არაფერი. ისევ სარდაფში ვიყავი, ღვინო მქონდა დარჩენილი და ორი ჭიქა დავლიე. მერე ისევ წამოვწექი. არ გასულა 15 წუთი, რომ ფეხის ხმა გავიგე. მეგონა უკვე სიკვდილი მოვიდა... (ატირდა). ბიძაშვილის ბიჭი ნოდარი დავინახე. მეგონა, წმინდა გიორგი გამომეცხადა. თვალები მოვიფშვნიტე, ღვინის გამო ხომ არ მეჩვენება-თქო. გადამეხვია და მითხრა, ლედიმ დამირეკა და უნდა წაგიყვანოო. დღეს ვერსად ვერ წავალ-მეთქი, ვუთხარი, ძალიან დაუძლურებული ვიყავი. ხვალ მოგაკითხავ და წაგიყვანო. ვაჟს დავურეკე, რომ ხვალ ჩამოვიდოდი.

ნოდარი რომ წავიდა, სიხარულისაგან ადგილს ვერ ვპოულობდი. გვირაბში სინათლე გამოჩნდა და მოსვენება დავკარგე. მეზობლის ქალი მოვიდა, პური მომიტანა. სხვა არც არაფერი გვქონდა საჭმელი. მაგრამ ლუკმა არ გადამდიოდა ყელში. ისევ სარდაფში ჩავედი და ვეცადე, ორი პური მაინც მეჭამა. ლუკმა პირიდან გამივარდა. ამ დროს შემოვარდნენ ბიძაშვილის ბიჭები, უკვე მეორეც ახლდა და მითხრეს, ჩქარა ჩაიცვი, ახლავე უნდა წაგიყვანოთო. არ ვიცი როგორ წამოვხტი ლოგინიდან. შარვალი არც ჩამიცვია. როგორც ვიყავი ისე გამოვიქეცი.

მეგონა 100 მეტრს ფეხით ვერ გავივლიდი. მაგრამ 2 კილომეტრი ისე ვირბინე ვენახებში, მავთულხლართებს ისე ვახტებოდი, არც კი მახსოვს. მაგრამ მანქანამდე 10 მეტრი იყო დარჩენილი, რომ ჩავიკეცე. 2 კილომეტრი ისე არ გამჭირვებია, როგორც ის 10 მეტრი. დამსვეს 5 წუთით, ძლივს ამოვისუნთქე. ბიჭებმა ხელში ამიყვანეს და მანქანამდე ისე მიმიყვანეს. საჭესთან ქალი რომ დავინახე, გავოცდი. ის ნამდვილი გმირია (მის ვინაობას, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ). უცებ მომეხსნა ყველაფერი და ისე დავმშვიდდი, თითქოს არაფერი გადამეტანოს. ვარიანამდე არავინ შეგვხვედრია.

რუსების ბლოკ-საგუშაგო უპრობლემოდ გამოვიარეთ (ალბათ გარეთ რაკი გამოვდიოდით და არა პირიქით). იქვე ქართული საგუშაგოც შეგვხვდა. გვკითხეს, საიდან მოდიხარო. მანდილოსანმა მძღოლმა რომ უპასუხა, ერგნეთიდანო, თვალები გაუფართოვდათ.

ახლა სახლში ვარ და ვფიქრობ, რომ სასწაული მართლაც არსებობს. ის, რომ მე დაბომბვას სასწაულებრივად გადავურჩი და მერე 2 კილომეტრი ვირბინე, ეს წასწაულია. ღმერთმა გადამარჩინა. ასე მგონია, საფლავიდან ამოვედი!

და ახლა, უკვე სამშვიდობოს გამოსული, როგორ აფასებთ იმას, რაც მოხდა?
- ეს იყო სრულიად გაუაზრებელი ბრძოლა. ასეთ რამეს, არა მგონია, ვინმე ნორმალური ხელისუფალი გააკეთებდა. უხაროდათ, გვირაბიღა დაგვრჩა ასაღებიო. ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე, შე კაი კაცო! 10 თვითმფრინავის ჩამოგდებით მოერევი რუსეთს?!

ბევრი ამას გამართლებას იმით უძებნის, რომ როდემდე შეიძლებოდა ოსებისგან შევიწროების მოთმენაო...
- ხომ ყველას კარგად გვახსოვს, რომ წლების მანძილზე ეს გაყინული კონფლიქტი იყო. მაშინ ერგნეთის ბაზრობა დიდ როლს თამაშობდა. აქ ერთად ვაჭრობდნენ ქართველები და ოსები და ცხინვალში შესვლაც არ იყო პრობლემა. ზვიად გამსახურდიას დროს რომ დაიწყო ეს პრობლემა. მივლინებული ვიყავი ცხინვალში, უმაღლესი სასწავლებლების და ტექნიკუმების ინსპექტირება მეხებოდა. მაშინ განათლების მინისტრმა ქალმა ფუხაევამ, განათლების განყოფილების გამგეებთან საუბრისას მითხრა: გამსახურდიამ იჩქარა, როცა ოლქის გაუქმება გამოაცხადაო. დიასახლისი ჯერ სუფრას შლის და მერე როგორც უნდა ისე გამოუცვლის სტუმრებს თეფშებსო. ანუ, ჯერ მიეღო დამოუკიდებლობა და მერე გაერკვია ავტონომიების საკითხიო.

ძალიან განათლებული და ვაჟკაცი ქალი იყო. ისიც შემომთავაზა, ერთად ვჭამოთ პური და თუ ოსების ოჯახში გერიდებათ, მე წამოვალ ქართველებშიო. მე კი ჩემს სოფელში მივიწვიე. ერგნეთის ბაზრობაზეც შემხვდა, რამდენიმე წლის წინ. მე ვაშლს ვყიდდი, ის კი ვლადიკავკაზიდან იყო ჩამოსული.

მიმაჩნია, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა იყო დანაშაული და არა შეცდომა. რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული? ეს აუცილებელი იყო ჩვენი ხალხის ხელახლა დაახლოებისა და დამეგობრებისათვის. მოშალეს იმ მოტივით, რომ კორუფციას ვებრძვითო. კორუფციას ასე უნდა ებრძოლო, რომ ხალხი უმუშევარი დატოვო? ესეც ისეთივე ნაბიჯი იყო, როგორც ახლანდელი ბრძოლა.

Просмотров: 813 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz