რუსი უფლებადამცველბი ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსეთთან ურთიერთობაში აგვისტოს მოვლენები გაითვალისწინონ. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.
მიმართვას რუსეთის ოცამდე წამყვანმა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადებისას ევროკავშირი ისე არ უნდა მოიქცეს, თითქოს სამხრეთ კავკასიაში ომი არ ყოფილა.
მათივე აზრით, აგვისტოს მოვლენების იგნორირება ახალი კრიზისებისთვის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პირობების შექმნას ნიშნავს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ სარკოზი-მედვედევის გეგმა სრულად არ არის შესრულებული, კერძოდ, რუსული ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე არ დაბრუნებულან.
"ისე მოქცევით, თითქოს, ეს ასე არ არის, ევროკავშირი არათანმიმდევრულობას იჩენს, როგორც ომის პირველ დღეებში, როცა სააკაშვილის ქმედებებს ნათელ შეფასებას არ აძლევდა", - აცხადებენ რუსი უფლებადამცველები.
მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ "აგვსიტოს მოვლენებამდე ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებზე, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ევროპის არაადეკვატურმა რეაქციამ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ უყურადღებობამ მიგვიყვანა".
|