ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამიტს არ დაესწრება ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, იგი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება.
ამერიკის დელეგაციას სამიტზე სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. სამიტს დაესწრება 52 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოს დელეგაციას საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილი თავმჯდომარეობს. მოგვიანებით გაირკვევა, გაიმართება თუ არა საქართველოსა და რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრების ორმხრივი შეხვდრა.
ცნობილია, რომ სამიტზე ჩადის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მას ჰელსინკში დღეს ელოდებიან. დღესვე დაგეგმილია მინისტრების არაფორმალური სადილი, სადაც ლავროვი წარმოადგენს “პანევროპული უსაფრთხოების შესახებ” რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის ახალი ინიციატივის მთავარ ფორმულირებებს.
წინასწარი ინფორმაციით, სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ევროპული უსაფრთხოების პაქტი იქნება. ამის თაობაზე გუშინ ბრიუსლეში გამართულ შეხვედრაზე კონდოლიზა რაისმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა ისეუბრეს.
რაც შეეხება დღის წესრიგს, სამიტი დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება. სიტყვით გამოვლენ ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ალექსანდრ სტუბი და ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო.
15.00 საათისთვის სამიტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდება დელეგაციების ხელმძღვანელების განცხადებები. სამიტი 5 დეკემბერს დაასრულებს მუშაობას.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათი განრიგი ზუსტდება.
ფინეთის თავმჯდომარეობით ეს არის ბოლო სამიტი. 31 დეკემბერს იწურება ეუთო-ში ფინეთის ვადა და ერთი წლით ორგანიზაციას საბერძნეთი უხელმღვანელებს.