რუსეთმა კოდორის ხეობა ბლოკადაში მოაქცია. ჭურვები ზემო აფხაზეთის სოფლებში საკენში და ქვაბჩარაში ჩამოყარეს.
ამასთან, რუსული ბომბდამშენების მიერ დაიბომბა და განადგურდა ზემო აფხაზეთში მისასვლელი გზა.
ასევე გაწყვეტილია კავშირი თავად ხეობის სოფლებს შორის. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა ზემო აფხაზეთში მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერეს.
ზემო აფხაზეთის ტერიტორიას ”მიგ-29” ტიპის 8 მფრინავი აპარატი ზვერავდა.
ბომბორადან ხეობაში ჯერ ოთხი მზვერავი თვითმფრინავი შეფრინდა, შემდეგ მას კიდევ სამი მიჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთმა სოფელ აჟარაში მდებარე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერა.
ახლახანს ონის რაიონში, კურორტ შოვის თავზე რვა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა.
თვითმფრინავები მამისონის უღელტეხილის მიმართულებით გაფრინდნენ, სადაც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთი გადის.
დაახლოებით ერთი საათის წინ კი, რუსულმა ავიაციამ ქალაქ ონში ჭურვი ჩამოაგდო, თუმცა, აფეთქება მთებში მოხდა და შედეგად არავინ დაზარალებულა.
დღეისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად.
მათივე ცნობით, რუსეთ_საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე, ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალური რაზმები.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონცენტრირებულია საზღვრის დაცვის უახლესი საშუალებები. მიმდინარეობს გაძლერებული პატრულირება.
|