საქართველო იმყოფება უცხოური აგრესიის მდგომარეობაში, რომელიც რუსეთის მხრიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებიდან მოდის. საქართველო იბრძვის გადარჩენისათვის, - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთმა იერიშიმ იტანა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სისტემაზე და შეტევას ახორციელებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პატარა, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებაზე ორიენტირებული ომი.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.
მისივე თქმით, დიდი ხანია, საუბრობდა, რომ რუსეთს აქვს გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ არავინ ისმენდა. დღეს კი, ფაქტობრივად, განხორციელდა ყველაზე დიდი სამხედრო შემოჭრა რუსეთის მხრიდან საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო გამოიღვიძებს და გარკვეულ რეალურ ზომებს მიმართავს, რათა შეჩერდეს სრულიად კრიმინალური და გიჟური აქტი საქართველოს წინააღმდეგ.
მისივე განცხადებით, საქართველო დღეს იბრძვის მსოფლიოს მშვიდობისთვის და იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრესია შეჩერდება.
“საქართველოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, რაც მოიცავს საყოველთაო მობილიზაციას ქვეყნის დასაცავად. საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არ შეიზღუდება დემოკრატიული თავისუფლება”-,აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გამოაძევა ეთნიკურად ქართული მოსახლეობა და დაიწყო მათი ეთნიკური წმენდა.
ამასთანავე, რუსული მოიერიშეები დაფრინავენ სამოქალაქო რეისების მარშრუტებზე, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.