რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სამამულო ომს აწარმოებს.
იაკობაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მან “სისულელე და ტყუილი” უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი ცხინვალის დატოვების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები უკავშირდებოდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ.
- “ეს არის საქართველოს სამამულო ომი რუსეთთან და არა შეიარაღებული კონფლიქტი. იგი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”, - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, გამოიკვეთა რუსეთის აგრესია, მაგრამ იგი ამით საქართველოს ვერ დააშინებს.
- “რუსეთის 4 თვითმფრინავი შემოვიდა და ჩამოვაგდეთ. კვლავაც ჩამოვაგდებთ. შემოყვანილი იყო მძიმე ტექნიკა, მაგრამ ჯავის აქეთ ვერ გადმოვიდა”, - აღნიშნა იაკობაშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს შესწევს ძალა, რათა დაამტკიცოს, რომ იგი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა.