Главная » 2008»აგვისტო»10 » სოხუმის უნივერსიტეტი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს აპროტესტებს
სოხუმის უნივერსიტეტი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს აპროტესტებს
02:52
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია აპროტესტებენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებს საქართველოს მიმართ. "XXI საუკუნეში, მსოფლიო საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც არსებობს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, მაშინ როდესაც ადამიანის სიცოცხლე აღიარებულია უპირველეს ღირებულებად, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის, ნეობოლშევიკური და ნეოფაშისტური აგრესია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიუთითებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საზოგადოებრივი აზროვნების საშინელ ჩამორჩენილობაზე", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში. "საქართველოს არაფერი აქვს გასაყოფი ოს ხალხთან, რადგან ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის შესანიშნავი ისტორია გვაკავშირებს. მოვუწოდებთ ყველას ხმა აიმაღლოს რუსეთის ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ. მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. იმედი გვაქვს მსოფლიოს შეგნებული საზოგადოებრიობა და რუსი ხალხი ხმას აიმაღლებენ ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ", - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.