ყველას და ყველაფერს აქვს გამოსწორების შანსი და პერსპექტივა, მაგრამ რუსეთი ისეთი რამეა, რომელსაც ვერაფერი ვერ გამოასწორებს! განა აქამდე ომი არ იყო? რუსი განა აქამდე ნაკლებ საშინელებებს გვიშვრებოდა? ახლა კი უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.
კარიკატურისტი, ცხონებული თორნიკე ამბოკაძე ის კაცი იყო, რომელიც თავის კარიკატურებში ყველაზე ზუსტად ასახავდა რუსეთის რაობას. თორნიკე რუსეთს ხატავდა არყით გალეშილი ღორის სახით, რომელსაც თავისი ბინძური დრუნში კავკასიონის გადმოღმა ჰქონდა გამოჩრილი.
რა გასაკვირია, რომ ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე კვირის მთავარი თემა სწორედ რუსეთის ღორული საქციელი იყო.
carlito: “საქართველომ რუსეთს ნიღაბი ჩამოგლიჯა. გასაგები და ცხადი გახდა უკვე ყველასთვის - ვინ იყო და არის კონფლიქტის მეორე მხარე! ჩვენს სამშობლოს ყოველთვის დიდი და ძლიერი მტერი ჰყავდა:
რომის იმპერია, მაზდეანური სპარსეთი არაბათა ხალიფატი, თურ-სელჯუკთა, სასულთნო, მონღოლთა საყაენო, ყიზილბაშური ირანი, ოსმალთა სასულთნო, რუსეთის იმპერია ჯერ - მეფის, მერე - წითელი, მერე და ეხლა ფედერაცია
არაფერი არ ხდება ახალი. ჩვენი არმია იმდენად ორგანიზებულად, თანმიმდევრულად და ვაჟკაცურად მოქმედებს, რომ რუსეთს ერთადერთი დარჩა - საავიაციო ომი - სურთ გორის აღება, რომ ზურგი აღარ ქონდეს ჩვენ ჯარს, და ამიტომ ცდილობს დათესოს პანიკა...”
რუსეთს ნიღბის ჩამოპგლეჯა უკვე აღარ სჭირდება. მას კარგა ხანია ნიღაბიც ჩამოგლეჯილი აქვს და სხვა რაღაცეებიც... სწორედ ამიტომაცაა დაბოღმილი სამყაროზე.
სანამ საქართველოში საიურმალო ზეიმი იყო, მანამდე ჩაძინებულ და ხელში გარმონშერჩენილ რუსეთს უკვე გამოეღვიძა და კარგ ამბავს რომ არ გვიპირებს, ამღვრეულ თვალებზე ეტყობა... მაგრამ, თვალებზე მას ბევრი რამე ეტყობა.
kpaata_3dartist: “ხალხო ერთი რამე იცოდეთ (ეგ, ალბათ, უმეტესობამ იცით) ყველა მაშინ დაგვაფასებს - ამერიკაც და რუსეთიც, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვცემთ პატივს. ამას რა დიდი პოლიტიკოსობა უნდა? უბრალოდ, საჭიროა საღი აზროვნება და ლოგიკა. როდესაც ერთმანეთს დავჭამთ (და რამდენჯერ დაგვიჭამია ამ ბოლო წლებში), მაშინ ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ იქნება, ამერიკა თუ რუსეთი ან კიდევ - სხვა ვინმე. ახლანდელი სიტუაცია აიღეთ. მიდის ბრძოლა ხელისუფლებისთვის გინდა - ოპოზიციის მხრიდან, გინდა - პოზიციის მხრიდან. მე იცით რა მაინტერესებს? აი, მაგ ჩვენ პოლიტიკოსებში ნეტა ვინმეს თუ რეალურად აინტერესებს უბრალო ხალხის ბედი? კი, ეგრე ლოზუნგები ბევრია, ორივე მხრიდან, დაპირებებიც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ეს პოლიტიკოსები ხალხის გულისთვის თავს გაწირავენ?”
დონდღლაბის ჯიშის ქართული ღვინო უფრო გავა ევროპულ ბაზარზე, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები რაიმე იდეალისთვის თავს გაწირავენ. ამათმა ჰა-ჰა... ფეხის ცერა თითი გაწირონ და ისიც მაშინ, როდესაც საფეხბურთო ტურნირში “ვისოლის” თასზე ერთმანეთს შეხვდებიან.
ნაბახუსევის ძილიდან გამოღვიძებულმა რუსეთმა მიხედ-მოიხედა, თვალები ბოროტად დააკვესა და სამზარეულოში მოფუსფუსე მოკლეკაბიან ბელარუსს გასძახა: “ქალო, ჩემი კალოში და ავტომატი მომიტანე ახლავე!”. მერე ნელ-ნელა წამოიზლაზნა, გვარიანად გაიზმორა, აბგაში პურის ნატეხი, ორი ცალი ხახვი და 7 ბოთლი არაყი ჩააწყო და საქართველოსაკენ გამოეშურა. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ქართული ფორუმების წევრებმაც შეამჩნიეს.
4l2m: “ერთი რამ მაინტერესებს: რუსეთი ნატოს გაფართოებაზე მწვავედ რეაგირებს. იგი სასტიკი წინააღმდეგია, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში შევიდნენ და ამით ნატო მის საზღვრებს მიუახლოვდეს. თუმცა, მას ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის თუ პოლონეთის გაწევრიანება ნატოში ისე არ აღელვებს, როგორც - საქართველოსი.
მაპატიეთ და, მერე რა თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება? რატომ მოიმატებს რუსეთისთვის საფრთხე? არადა, საუბარი 500 თუ 1000 კილომეტრზეა. თანამედროვე მაღალეფექტური შეიარაღების პირობებში ეს მანძილი სასაცილოც არის. და ნატო რომ რუსეთს მიუახლოვდება, ეს რატომ უქმნის პრობლემას რუსეთს? დავსძენ, რომ აქ ნატო, როგორც სამხედრო ბლოკი, არაფერ შუაშია. ამით რუსეთისთვის თითქმის არანაირი საშიშროება არ მატულობს, ხოლო თავი და თავი ის არის რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება რუსი აქ ვეღარასოდეს შემოვა და ზუსტად ეს უშლის რუსს საღერღელს”.
უკვე ორასი წელია, რუსეთს მითიური ფასკუნჯივით ვკვებავთ და “პირში” საკუთარი ტერიტორიის ნაგლეჯებს ვუტენით. თუ ასე გაგრძელდა, ბოლოს ეს “ხორციც” გამოგველევა, ერთს ვიხუვლებთ და რუსეთის მუცელში მოვადენთ ტყაპანს.
აფხაზეთის გაყოფისა და დემილიტარისტულ ზონებად დანაწევრების იდეა კარგა ხანია არსებობს, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ვერ გეტყვით რამ განაპირობა ეს აქტუალურობა, მაგრამ ფაქტია, რომ “რაღაცა” და ვიღაცა არსებობს!
A10: “საკმაოდ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო პათოსის თემა იხსნება აფხაზეთის გაყოფაზე. არადა, ეს პროექტი 1994 წლიდან მუშავდებოდა და საბოლოო სახით დაიდო 1997 წელს. ვლადისლავ არძინბაც კი იყო ჩამოთრეული თბილისში, რადგანაც ამაზე თანახმა იყო ამ გეგმაზე. ჩვენებმა უარი თქვეს. ანალოგიურად, უარი უთხრეს აფხაზებს პასპორტების გაცემაზე. 1998 წლიდან კი უკვე დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება მანდ. თუმცა ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. აი დღეს კი უკვე 80% რუსეთის მოქალაქეა.
აფხაზეთი გადანაწილდა რეალური მოსახლეობის პრინციპით და შედგა შემდეგი რუკა: სოხუმამდე იყო ქართველების. ოღონდ არ გვქონდა იქ სამხედრო ძალების ყოლის უფლება. სოხუმი იყო ნეიტრალური, სადაც ბრუნდებოდა ორივე ქართველებიც და აფხაზებიც და მმართველობა იყო გაეროსი. აქ უკვე არანაირი შეიარაღებული ძალები არ უნდა ყოფილიყო, გარდა შერეული მშვიდობისმყოფლებისა. ახალი ათონის იქით კი იყო აფხაზთა სამფლობელო. ეს ასე, მოკლედ და გლეხურად რაც ვიცი”.
მე ყოველთვის მჯეროდა, რომ საქართველო და ეკვადორი ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს. ეს შეხედულება განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ განმიმტკიცდა.
Maga: “ბრაიზა და გერმანიის ელჩი დაელაპარაკებიან აფხაზებს და იქნება ლაპარაკი სხვადასხვა ინიციატივებზე. მათს შორის ეგრეთწოდებულ "მშვიდობის ზონაზე" რომლითაც ნატოა დაინტერესებულიო. ეს მოდელი პერუ-ეკვადორის კონფლიქტში კარგად მუშაობს და იქნებ აფხაზეთში და სამაჩაბლოშიაც იმუშავოს. რუსეთმა უარი რომ თქვას, მაშინ გამოდის, რომ მშვიდობის წინააღმდეგია აშკარად. ამიტომაც ვერ იზამს მაგას. თუმცა რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ევროკავშირი და ამერიკა მხარს დაუჭერენ მშვიდობის ზონას, ასევე, ნატოც მხარს დაუჭერს - მათთვის ეს საუკეთესო გამოსავალია. რუსის ჯარი უნდა გავიდეს და იყოს დემილიტარიზებული ზონები - საერთოდ სამხედროების გარეშე - საერთაშორისო სადამკვირვებლო პოლიციური ძალებით. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი მდგომარეობიდან. ბაღაფშისათვისაც საუკეთესო ვარიანტია - რადგანაც მშვიდობის ზონა მიანიჭებს მას იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მას ასე უნდა - ოღონდ ეს რუსების გარეშე მოხდება. საერთაშორისო საზოგადოება დაცავს მშვიდობას საქართველოს ტერიტორიაზე. იმედი ვიქონიოთ რომ ეს გეგმა გავა”.
კარგი რამაა ეს იმედი. განსაკუთრებით კარგი კი მაშინაა, როდესაც სახელად ჯოზეფ ქეი გქვია და მომხიბვლელად იღიმები.
ზაფხულის გადაგორებამდე და ქართულ სკოლებში სწავლის დაწყებამდე ერთი თვეღა დარჩა. ამ ფრიად მნიშვნელოვან თარიღს ფორუმელები უყურადღებოდ როგორ დატოვებდნენ?! როგორც ჩანს, ფორუმელების მხრიდან უყურადღებობას არც განათლების მინისტრი, გია ნოდია უნდა უჩიოდეს.
Abeldon: “ბატონო გია, ეტყობა თქვენ მართლა გგონიათ, რომ სკოლის დირექტორებზე შეიძლება ისეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტის მინდობა როგორიც სწავლის დაწყების თარიღის დადგენაა? ამ დირექტორების დიდი უმრავლესობა ახალგაზრდაა, მაგრამ სამწუხაროდ კომუნისტური მენტალიტეტის მქონეა. ერთმა კიდეც დააბრეხვა ეხლა რუსთავი 2-ზე - სწავლა, თურმე, ტრადიციულად, 1 სექტემბერს იწყება. რომელ ტრადიციას გულისხმობდა? ალბათ, იმას მოსკოვში და თბილისში ერთ დღეს რომ იწყებოდა საწავლა იმ განსხვავებით, რომ იქ 20 გრადუსი იყო მაქსიმუმ, თბილისში კი 38 გრადუსი. ამას რომ თავი გავანებოთ, თუ ოჯახიდან ერთი ბავშვი ერთ სკოლაში დადის და იქ სწავლა 1 სექტემბერს იწყება და მეორე კი სხვა სკოლაში, სადაც სხვა დროს... მოკლედ აღარ გავაგრძელებ და, ბატონო გია, თქვენ გგონიათ, რომ ეს საკითხი ან თემა არ არის პოლიტიკური?”
მართლა არ ვიცი, ეს საკითხი პოლიტიკურია თუ არაპოლიტიკური, მაგრამ ის კი ნამდვილად კარგად ვიცი, რომ საქართველოში მცხოვრები და პრობლემებით დახუნძლული ადამიანი, ასეთ თემებზე ფიქრით, თავს არ უნდა იწუხებდეს. იმედია ბინძურდრუნჩიან ღორს, ვინმე საბოლოოდ შეაგდებს მშობლიურ საღორეში.