გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ალასანია გაეროს თხოვნით მიმართავს, რათა ამ უკანასკნელმა რუსეთს აგრესიისა და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.
როგორც ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ჯარები კონფელიქტის ზონიდან შორს არიან, რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ქალაქების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს მაინც განაგრძობენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა რუსმა პილოტმა აღიარა, რომ რუსული სამხედრო მფრინავები გაფრთხილებულნი იყვნენ, საქართველოს ქალაქების დაბომბვა შეუზღუდავად განეხორციელებინათ.
როგორც ალასანია აცხადებს, სერიოზულად უტევენ კოდორის ხეობას. არის სერიოზული ნიშნები, რომ შეტევა გაგრძელდება. „რუსეთი ცდილობს, საკუთარი სრულმასშტაბიანი შეტევები გაამართლოს. იგი ცრუობს როცა აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები მშვიდობის დასამყარებლად მიმართული იძულებითი ღონისძიებებია“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყველა ქართული საჯარისო დანაყოფი კონფლიქტის ზონიდან უკვე გამოყვანილია.
|