Главная » 2008»აგვისტო»10 » “ნიუ იორკ თაიმსი” – ვინაა პასუხისმგებელი პუტინი თუ მედვედევი
“ნიუ იორკ თაიმსი” – ვინაა პასუხისმგებელი პუტინი თუ მედვედევი
00:12
“ნიუ იორკ თაიმსი” – ვინაა პასუხისმგებელი პუტინი თუ მედვედევი [”ინტერპრესნიუსი”] “ესკალაცია “სამხრეთ ოსეთში” კავკასიაში დროებით მიწყნარებული კონფლიქტის განახლების საშიშროებას ქმნის, რომელიც მსოფლიო ბაზრებს კასპიის ზღვის ნავთობით ამარაგებს, - წერს გავლენიანი გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი”. როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, რუსეთის ინტერვენცია კონფლიქტში – კრემლის თავდაჯერების ნიშანია და, გარკვეულწილად, საკუთარი სამხედრო ძალის გამოცდაც, რომლის მოდერნიზებას პუტინი თავისი ორი საპრეზიდენტო ვადის დროს ცდილობდა. ამერიკელი ჟურნალისტის აზრით, არსებულმა კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ძალაუფლების შეზღუდულობაზე, რომელიც პუტინის ხელდასმული მემკვიდრეა. “მთელი დღის განმავლობაში რუსეთის პოზიცია მხოლოდ პუტინმა დაიცვა, რომელიც ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა. მედვედევმა კი საკმაოდ გაურკვეველი ოფიციალური განცხადება გააკეთა, იმის თაობაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება რუსეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე. საგარეო პოლიტიკა ხომ ოფიციალურად პუტინის პორტფოლიოს ეკუთვნის”, - წერს “ნიუ იორკ თაიმსი”. ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებული პოლიტიკის აბსურდულობაზე სტატიის ავტორს თავისუფალი რუსული რადიოსადგურის- “ეხომოსკვის” კომენტარიც მოჰყავს. “ოსეთში ომმა ნათლად აჩვენა ჩვენი სახელმწიფო მმართველების იდიოტობა. ვინ არის პასუხისმგებელი - პუტინი თუ მედვედევი?”- აცხადებს “ეხო-მოსკვის” ჟურნალისტი. “ნიუ-იორკ თაიმსი” გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის თქმით, რუსეთის ინტერვენციას ორი მკაფიო მიზანი აქვს - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია, ასევე სააკაშვილის განდევნა, რომელიც დიდი ხანია, უკვე ეკლად ესობა.