გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, ზემო აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და ვითარების ესკალაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმდინარე სხდომაზე სამშვიდობო ოპერაციებში გენერალური მდივნის მოადგილემ ედმონდ მიულერმა განაცხადა.
მიულერის ინფორმაციით, ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფონზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სამხედრო ძალების მობილიზებას და ვითარების ესკალაციას ახდენს. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზური ძალების გადაადგილებას რუსი სამშვიდობოები ხელს არ უშლიან და ამ დროისთვის აფხაზური ჯარები ცეხლის შეწყვეტის ხაზთან არიან განლაგებულნი.
ედმონდ მიულერის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას ზემო აფხაზეთიდან დამკვირვებლების გაყვანა ურჩია და მისიამ ამ დროისთვის ხეობიდან უკვე 15 თანამშრომელი გაიყვანა.
"სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ზემო აფხაზეთზე დარტყმას განახორციელებს და ქართულ ძალებს გააძევებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხრის სამოქალაქო და სამხედრი პირებს ულტიმატუმიც წაუყენა. ამ ოპერაციასთან დაკავშირებით აფხაზები რუს სამშვიდობოებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებენ", - განაცხადა მიულერმა.
მისი განცხადებით, რუსული დესანტი კონფლიქტის ზონის სანაპიროსა და სოხუმის აეროპორტში უკვე გადასროლილია და იგეგმება აფხაზეთის სანაპიროებთან რუსული გემების კონცენტრაცია. მიულერი აქვე აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიას კონფლიქტის ზონისკენ ქართული შენაერთების გადადგილება არ დაუფიქსირებია.