სამწუხაროდ, შექმნილ სიტუაციას ვერც საქართველოს სამხედრო კოალიციის წევრობა შველის, რომლის თანახმადაც, ქართველები ერაყში იბრძვიან. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს შიდა კონფლიქტში ჩარევა არავის ევალება. ამას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სჭირდება. ანტიერაყული კოალიცია კონკრეტულად ერაყში ოპერაციის ჩასატარებლად შეიქმნა, თუმცა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუ საქართველოს დასჭირდება, ჩვენი ძალები ერაყიდან უნდა გამოვიდნენ. აკაკი ბობოხიძე “ვერსიასთან” საუბარში აცხადებს:
- საქართველომ უნდა შექმნას დოკუმენტი და მოითხოვოს პირდაპირი სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებისგან. გამოიყენებს თუ არა, ეს ამერიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ გამოიყენებს. მსოფლიოში ყოფილა შემთხვევები პორტების საერთაშორისო კონტროლის ქვეშ აყვანისა და მიმაჩნია, რომ ფოთის, ბათუმისა და ყულევის პორტების აყვანა საერთაშორისო კონტროლის ქვეშ შესაძლებელია. ეს პორტები მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს არა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად ე.წ. საერთაშორისო მეგობრობას ემსახურება.
რაც შეეხება ევროპას, ამბობს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ ქართველებმა და ოსებმაო, ანუ, არ სურთ კონფლიქტი იმ რეალობად აღირონ, რაც გვაქვს. არა მარტო დღეს, 1990 წლიდან მოყოლებული, ეს კონფლიქტი ქართულ-რუსული იყო. სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლების შეცდომები მსოფლიოს დისკომფორტს უქმნიდა, რომ ამ კონფლიქტს თავის სახელი დარქმეოდა, კონფლიქტი ეთნოკონფლიქტად ამიტომ მოინათლა.
დღეს მე ვხედავ, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, კვლავ ამ გზას ადგანან. ეს სირაქლემას პოზიციაა. ევროპას სურს, ამ პოზაში იმყოფოს თავი, მაგრამ ამ წუთში დაზარალებული ჩვენ გამოვდივართ. მესმის, ევროპა სულ არაა ვალდებული დაგვიცვას, მაგრამ, ვნახოთ, რამდენად უღირთ საქართველოს ტერიტორია. დღეს სატრანზიტო დერეფნის სამი ალტერნატივა არსებობს – რუსეთზე გამავალი, კავკასიაზე და იქიდან ერაყზე. თუ ევროპას სურს მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე, იყოს”.
როგორ შეაფასებთ კოკოითის განცხადებას, რომ რუსეთისგან უფრო დიდ მხარდაჭერას ელოდა... - ბლეფია, თითქოს ოსები მარტონი დარჩნენ და მხოლოდ ისინი გვიწევენ წინააღმდეგობას. ესაა ჩვეულებრივი ხრიკი, თითქოს რუსეთი მას თავს არიდებს. მისი განცხადება, სხვას არაფერს ემსახურებოდა. ხშირად იხსენებენ, რომ თავის დროზე საინფორმაციო ომი წავაგეთ, რა კეთდება ახლა ამ კუთხით? - ვფიქრობ, სწორი დიპლომატიური ნაბიჯები სრულიად საკმარისი იქნება, რომ საინფორმაციო ომი არ იქნას წაგებული. საინფორმაციო ომი დიდი დიპლომატიის ძალიან მცირე ნაწილად მიმაჩნია და თუ სწორად იქნება წარმართული, დიპლომატია თავისთავში ინფორმაციულობის ძალიან დიდ წილს მოიცავს. საინფორმაციო ომი არ არის მხოლოდ მასმედიაზე დამოკიდებული. ავტომატურ რეჟიმში სწორი დიპლომატიური აქცენტები და სწორი ნაბიჯები ნიშნავს, რომ ვიღაცა ინფორმაციული ხდება.
თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ინფორმაციული ომი მხოლოდ მასმედიას აკისრია, მაგრამ ეს ომი მხოლოდ მასმედიისა და ინტერნეტის “ასაწევი” არ არის. მიმაჩნია, რომ სწორი დიპლომატიური ნაბიჯები ინფორმაციულ ომს ორი მესამედით მოგვაგებინებს. ერთი მესამედი, ბუნებრივია, საიფორმაციო საშუალებებზე იქნება დამოკიდებული. ამ მხრივ, რუსებს ძალიან დიდი იარაღი აქვს, რომელიც თავისი სივრცით, პრაქტიკულად, მსოფლიოს ფარავს. ვხედავდი კადრებს, თითქოს ქართველი ფაშისტები ოს ბავშვებს უსწორდებიან. ეს ამაზრზენად მოქმედებს ნებიმიერ მხილველზე. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მონტაჟი იყო, მაგრამ ასეთ კადრებს მასმედია უნდა დავუპირისპიროთ. დანარჩენ ნაწილში, ვინც ინფორმირებული უნდა იყოს, მიმაჩნია რომ დიპლომატიით იქნებიან.
ამ მხრივ, რამდენად დიპლომატიურია ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადებები... - არ ვარ ამის მომხრე. პირიქით, არ ღირს, მოწინააღმდეგის ძალების შეუფასებლობა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მაგალითად მოგვყავს სუსტმა, შეუიარაღებელმა ფინეთმა როგორ დაამარცხა უფრო ძლიერი რუსეთი. ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეც ესაა - მსოფლიოში წამყვანი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რუსული იმპერია დავამარცხოთ. არადა, ათი წლის წინ რუსეთის დამარცხება გაცილებით იოლი იყო, ე.წ. დემოკრატიული ფასეულობები რუსეთის მხრიდან მაშინ დეკლარირების დონეზე მაინც იყო. დღეს კი ღია აგრესიულ მოქმედებებზე გადადის და მსოფლიოს აზრს იგნორირებას უკეთებს. მაშინ ხელისუფლების უნიათობის გამო, რუსეთს დამარცხების ისტორიული შანსი გავუშვით. დღეს გაცილებით სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე.
|