საქართველო კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ რომ დარჩეს, კონფლიქტში ჩართული რუსული მხარე უკან არაფერზე იხევს. თითქოს ოსი ეროვნების ხალხის წამებაზე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევ მხარეზე, სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა. “ვერსია” პარლამენტარ დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
რუსეთის სამართალდამცველებმა საქართველოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს... - სრული სიგიჟეა, რუსეთთან მიმართებაში ტერმინი “სამართალდამცველი” უხერხულია...
რუსული ტელეარხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი და დაშავებული გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული მხარე აცხადებს. ამის გამო, ხალხში სერიოზული პანიკაა - ბუნებრივია, საგანგებო, საომარ ვითარებაზე გადაეწყობა ქართული საინფორმაციული სამსახურებიც. არანაირ ათასებზე საუბარი არ შეიძლება, ბევრად უფრო დრამატული და გართულებულია ვითარება, რაც ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი კვარტლების დაბომბვა დაიწყო, მსხვერპლი კი არის. თუნდაც ერთი დაღუპული ადამიანიც საშინელებაა... 30 გარდაცვლილი - ბრძოლის ველზე დაღუპულებზე, პირველ დღეზე ითქვა. იქ ყველაფერი ძალიან სუფთად და ნელა კეთდებოდა, რომ მსხვერპლი მოწინააღმდეგე მხრიდანაც არ ყოფილიყო. ახლა საშინელებაა...
არანაკლებ პანიკას იწვევს ინფორმაციები თითქოს თბილისსაც საფრთხე ემუქრება... - საომარი მდგომარეობა იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო გადაერთოს მათ შორის ხალხის სწორად ინფორმირებაზე. საზოგადოებრივი შტაბები, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, უბნების დონეზეა გასაკეთებელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ იარაღი აიღოს, არამედ თუ სადმე რამე პრობლემაა, იგივე ჭორების გადამოწმება, დახმარება იქნება თუ დევნილების დაბინავება ამ საკითხებზე იმუშავოს.
|