ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ხელისუფლებას ურჩევს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უხმოს თურქეთსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებს, მთელს მსოფლიოს...
- ცხინვალის რეგიონი, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინწინ. შეიძლება მთლიანად ჩვენი იყოს, შეიძლება გაიყოს, შეიძლება რაიმე სხვა ფორმით იყოს. შეიძლება ყველაფერი საქართველოს იურისდიქციაში იყოს, ჯავისა და მიწასთან გასწორებული ქალაქ ცხინვალის გარდა, რომელიც უკვე თავიდან ასაშენებელია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული.
ამდენად, სტატუსქვოზე ლაპარაკიც კი გამორიცხულია, ან ვიღას უნდა ელაპარაკო ამ სტატუსქვოზე? აღარ არსებობს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება, საკუთარი ხალხი მიატოვა და გაიქცა სადღაც. ჩემი ინფორმაციით, კოკოითი, თავის თავდაცვის მინისტრ ლიუნოვთან ერთად, იმყოფება ჯავასთან ახლოს მდებარე სოფელ მსხლებში, წყალკანალის ყოფილ შენობაში, ბუნკერში...
ეს იყო დუნედ მიმდინარე, დაკონსერვებული კონფლიქტი, და ასეთი მდგომარეობა აწყობდა ყველას, მოსკოვსაც, თბილისსაც, სოხუმსაც, ცხინვალსაც, საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომლისთვისაც მთავარი იყო ცეცხლი არ განახლებულიყო და არა ის, რომ კონფლიქტი მოგვარებულიყო. ეს არის წესი, მოქცევის წესი ამ საერთაშორისო ინსტიტუტების. რომელი კონფლიქტი მოაგვარეს კარგი შედეგით? კოსოვო? სასაცილოა.
დღესაც მარტო ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი? ეს ყველაფერი იმას ჰგავს, რესტორანში კაცები რომ ჩხუბს დაიწყებენ და კეკლუცი ქალები წიოკს ატეხენ, გაჩერდითო. - ზუსტად ეგაა, ეგეთი უბედურება გვჭირს ზუსტად... გახსოვთ, რა შედეგითაც დასრულდა რუსეთ-ჰოლანდიის მატჩი. მატჩის წინა დღეს რუსეთმა და ჰოლანდიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ ჰოლანდიას გადაეცემოდა ბალტიის გაზსადენის 9%... მთელი ჰოლანდია ლაპარაკობს იმაზე, რომ მათმა ნაკრებმა ამ 9%-ის გამო გაყიდა თამაში. გერმანიაც ამ ბალტიის გაზსადენით მიიბა რუსეთმა, გაიყიდა შრიოდერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი დღეს “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოს წევრია.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპა, სამწუხაროდ, ხშირად ივიწყებს პარტნიორობას, მეგობრობას და თავისი ინტერესებით მოქმედებს. თუმცა მთლიანად დასავლეთზე ამის თქმა არ შეიძლება. დასავლეთისთვის ეს რეგიონი ნავთობტრანზიტისა და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაზე ზეწოლის რეგიონია. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ევროპა და იგივე ვერც ნატოს ხელმძღვანელობა, ჩვენს საკითხთან დაკავშორებით მკაფიოდ ვერ ლაპარაკობს, ის მაინც უნდა დაიცვან, რაც მათ სჭირდებათ, რაც მათ ტანთან ახლოსაა და რაც მათ მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ვალდებულები არიან, ეს დაიცვან. როგორც ვთქვი, ყველა ერთი არაა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს, ამერიკის შეერთებული შტატებია.
პრინციპში, ჩვენი რეალური მოკავშირეები, რომლებიც ჩვენს პოზიციებს დაიცავენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ესაა აშშ, ბალტიისა და ახალგაზრდა ევროპული ქვეყნები. დანარჩენების იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს.
ამ დღეებში უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, საქართველოში დასახმარებლად ამერიკული ჯარის შემოსვლაზე. იყო ნატოს დახმარებაზეც ლაპარაკი, კონგრესი იხილავდა სამშვიდობო მანდატით ამერიკელი ჯარისკაცების ჩაყენებას… - ვერ გეტყვით, რეალურია თუ არარეალური, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ჩვენს აეროდრომებზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები სწორედ იმიტომ დაიბომბა, რომ ამერიკული თვითმფრინავები არ დამჯდარიყო იქ... ფოთის დაბობმვაც გამაფრთხილებელი დაბომბვა იყო იმისთვის, რომ იქ აკვატორიაში თუ გამოჩნდებოდა სხვა ქვეყნის გემები... ჩვენს აკვატორიულ წყლებში მარტო დესანტის გადმოსასხმელად კი არა, ამიტომაც შემოვიდა რომ იქაურობა ეკონტროლებინა, ნატოს გემებს რომ არ შემოეღწია.
ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლა ვერ შეძლებენ შემოსვლას? - ვერ გეტყვით, ეს ისეთი რამეა... შენი არ იყოს, მეც მინდა, რომ ამ წუთში დაგვეხმარონ... ვალდებული არიან, დაგვეხმარონ იმიტომ, რომ როცა სჭირდებოდათ და დღესაც, ჩვენი ბიჭები იბრძვიან მათ მხარდამხარ ერაყში. ახლა დასავლეთია ვალდებული, ჩვენ დაგვეხმაროს, დიპლომატიური მეთოდებით, შეიარაღებული ძალით თუ შეიარაღებით. სტინგერები არა გვაქვს საკმარისი, ისრაელმა, რუსეთის ზეწოლით, ერთი ათი დღის წინათ, უარი განაცხადა ჩვენთვის შეტევითი სახის იარაღის მოწოდებაზე... მეეჭვება, ახლა ნატომ ასეთი მასირებული მონაწილეობა მიიღოს ამ კონფლიქტში. დე, ვცდებოდე.
როდესაც ეს კონფლიქტი განახლდა, სანამ ასე აქტიურად ჩაერეოდა რუსეთი, კოკოითი აქტიურად ახსენებდა ჩრდილოეთ კავკასიელებს. ახლა, როცა უკვე თვითონ რუსეთია ასე ღიად გადმოსული აგრესიაზე, რა მნიშვნელობა აქვს ჩრდილოკავკასიურ ფაქტორს. - გეგმა იყო ასეთი, ოსურ შენაერთებს იერიში უნდა მოეტანათ ქართული მხარის მიერ დაკავებულ სიმაღლეებზე და საქართველო უნდა ჩაეთრიათ ლოკალურ ომში. უნდა ყოფილიყო რამდენიმედღიანი ომი და ამ ომის პიკზე უნდა მომხდარიყო კოდორზე შეტევა. რაც ხდება კიდეც პრინციპში...
ასევე, იმ დღეებში უნდა დაწყებულიყო მობილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც რუსეთს სჭირდებოდა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ მთელი კავკასია გვებრძოდა. მაგრამ ეს გეგმა აერიათ.
ოსებმა ეს შეტევა ვერ განახორციელეს. არავის ეგონა, რომ ქართული ჯარი ასე ძლიერი აღმოჩნდებოდა, ოსური კი ასეთი სუსტი. ამიტომ, რაც 2-3 დღე უნდა გაჭიმულიყო, 8 საათში მოთავდა. მობილიზაცია კი გამოცხადდა, მაგრამ შემოსვლა მოასწრო მხოლოდ სამასმა მოხალისემ ჩრდილოეთ ოსეთიდან. მათი უდიდესი ნაწილი, სამხრეთ ოსეთიდან წასული იყო. დანარჩენებმა ვეღარ მოასწრეს იმიტომ, რომ რუსეთმა გასწია გვერდზე ეს დეკორაცია და პირდაპირ თავისი ნაწილები შემოიყვანა იმიტომ, რომ ის ჩრდილოეთკავკასიელი მოხალისეები, საბრძოლო თვალსაზრისით, განსაკუთრებულ არაფერს არ წარმოადგენდა.
დღეს ღიად ჩანს, რომ ჩვენ რუსეთს ვებრძვით და ჩვენ დაგვეხმარებიან ამ ომში ჩრდილოეთ კავკასიელები? - ჩვენი ხელისუფლების შეცდომა ისაა, რომ ჩვენ არ ვეურთიერთებით ჩრდილოეთ კავკასიას. ფეხებზე გვკიდია. არადა, დღეს, გროზნოში გამოკითხვის შედეგად, უფრო მეტ სიმპატიას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ვიდრე რუსეთის მიმართ. ანუ, ბევრი მებრძოლი იძახის, დაგვიძახონ და საქართველოს მხარდამხარ ვიომებთო. ასევეა ინგუშეთში. რასაკვირველია, არავინ ეძახის.
სხვა რესპუბლიკებში სხვანაირი მდგომარეობაა. პასიურია დაღესტანში და უფრო ანტიქართულია ყაბარდო-ბალყარეთსა და ადიღეში, რადგან იქ უფრო პრორუსული განწყობაა. ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას აქვს საშუალება, საერთო-კავკასიური ფასეულობების დასაცავად მოუხმოს კავკასიელებს რუსეთის წინააღმდეგ საომრად. დარწმუნებული იყავით ძალიან ბევრი კავკასიელი წამოვა.
მათ გარდა არიან ბოევიკებიც, რომლებიც იმის მხარეს იბრძოლებენ, ვინც გადაუხდის. მათი დაქირავებაც არაა ცუდი ალბათ. - შეგიძლია დაიქირაო კიდევაც და ისედაც მოიწვიო. ამის გარდა, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა, ამ 2 წლის წინ ანკარაში, შეკრებაზე, განაცხადეს, რომ მათი სურვილია საქართველოს გვერდით დაუდგნენ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. ასევე ფერეიდნელმა ქართველებმაც არაერთხელ შემოგვთავაზეს გამოგვიყენეთო, თან მათ ყველას აქვს გავლილი სამსახური ირანის ელიტარულ ნაწილებში. ამ რესურსის გამოყენება, რასაკვირველია, შეიძლება ახლა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გამოიყენოს?
ჩვენს დაძახილზე ვინ მოვა, ფერეიდანში და თურქეთში მცხოვრები ქართველების გარდა? - ძალიან ბევრი კავკასიელი. სხვა ეროვნების ხალხიც. ახალგაზრდა ევროპიდან, ამერიკიდან. რამდენი აზერბაიჯანელი იომებს, იცი? ოღონდ აქაური კი არა, იქაური. კარგად არ არის საქმე, მაგრამ უიმედო სიტუაცია ნამდვილად არაა, რადგან ჯერ-ჯერობით ვგრძნობ ერისა და ბერის კონსოლიდაციას, მებრძოლების პროფესიონალიზმსა და თავდადებას, საერთაშორისო საზოგადოებაც გააქტიურდა, აშშ ყოველ შემთხვევაში...
|