11 აგვისტოს საბერძნეთის ქალაქ სალონიკის ცენტრში, არისტოტელეს მოედანზე, ქართველების მშვიდობიანი აქცია გაიმართება. აქცია სალონიკის ქართული სათვისტომოსა და ევროკავშირის პროექტის “Erasmus Mundus Lot 5”-ის ფარგლებში საბერძნეთში მყოფი ქართველი სტუდენტების ორგანიზებით ტარდება.
აქციის მიზანია, საქართველოში მომდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საბერძნეთის მოქალაქეებს და მოუწოდოს მათ გააქტიურებისაკენ, რადგან საბერძნეთი დღემდე გამოირჩევა საქართველოსადმი თავისი გულგრილი დამოკიდებულებით და ამასთანავე, რუსეთთან მეგობრობით.
’ჩვენ, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით გვერდით დავუდგეთ ჩვენს სამშობლოს. ამ ეტაპზე, აქტიურად ვართ ჩაბმულნი იმ საინფორმაციო ომში, რომელიც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის”, _ აცხადებენ დიასპორას წარმომადგენლები.