სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებისა და ქართული ქალაქების დაბომბვის პარალელურად, ზუგდიდის რაიონის ქართულ სოფლებზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რუსული აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ყველაფერს უკვე საქართველო-რუსეთის ომი ჰქვია და და შიდა ეთნოკონფლიკთან არაფერი აკავშირებს.
ქალაქ ცხინვალის აღების შემდეგ, რუსეთის 58-ე რეგულარული არმიის და ქალაქ ტულადან გადმოსროლილი პოლკის “სამშვიდობოებმა” იერიშები ქართული სოფლების მიმართულებით წამოიწყეს.
რუსებს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართული სოფლების მოსახლეობამ, რომლებიც დანგრევას გადარჩენილ სახლებში იმალებოდნენ და იქიდან ცდილობდნენ საკუთარი სახლისა და სოფლის დაცვას.
დიდი შემოტევების მიუხედავად, ქართული სოფლების: ერედვის, ნიქოზისა და თამარაშენის მკვიდრი მამაკაცების დიდმა ნაწილმა ცოლ-შვილის გახიზვნის შემდეგ, საკუთარ სახლებში დარჩენა და ერთმორწმუნეობის ნიღბით მოსულ მოძალადეებს ამჯობინეს.
ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “დარწმუნებული ვარ, რუსები ჩვენი მხრიდან ასეთი დიდი წინააღმდეგობის გაწევას ნამდვილად არ ელოდნენ. ცხინვალის აღების შემდეგ, ქალაქში შესულმა რუსებმა დიდი ზეიმი დაიწყეს და ეგონათ, საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ ვერ მივართვით! რუსებს უნდოდათ, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიც აეღოთ, თუმცა მთელი ორი დღის განმავლობაში, ჩვენმა ბიჭებმა ცხინვალის გარეთ ცხვირიც კი არ გამოაყოფინეს. რუსებს ჯარისკაცები ემატებათ და ემატებათ და თავდაცვა თანდათან უფრო ძნელი ხდება. დროზე უნდა მოგვხედოს ამერიკამ, თორემ ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვა წყალში ჩაიყრება”
გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ჯარი დღემდე ინარჩუნებს ცხინვალთან ახლოს მდებარე სარაბუკის სიმაღლეებს. რუსებმა ომის პირველსავე წუთებიდან სცადეს ამ სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, თუმცა მისი მიუდგომლობისა და ქართველი მებრძოლების თავგანწირვის გამო, აგრესორების ეს გეგმა ვერ განხორციელდა.
სამამულო ომი გრძელდება. რამდენიმე ათეული რეზერვისტის ლაჩრობის და ფრონტიდან გამოქცევის მიუხედავად, ქართველები პოზიციებს ჯერ-ჯერობით ინარჩუნებენ. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელები კი, ამ ომის ხსენების დროს მხოლოდ უხერხულად იშმუშნებიან
|