„რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თუ მომცემს იმის გარანტიას, რომ ჰააგას ჩაბარდება, როგორც სამხედრო დამნაშავე, პირველი მე ვიქნები, ვინც მოვუწოდებ პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგეს თანამდებობიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.
მინისტრი იმედიანად არის განწყობილი საერთაშორისო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და დარწმუნებულია, რომ ევროპა აიძულებს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგერსია შეწყვიტოს.
იაკობაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც იგი დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, გამუდმებით არწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი არის აგრესორი და ქართული მხარე არაფერს იგონებს. მისი თქმით, უკვე გახსნილია დიპლომატიური ფრონტი და „რუსეთს მოუწევს თავისი აგრესიული ტონი შეარბილოს“.
რაც შეეხება ბოლო დღეებში მიმდინარე შეტაკებების დროს რუსეთის მხარეს არსებულ ზარალს, თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხვედრა ცხინვალის რეგიონში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებთან, რომლებიც გაოცებას ვერ მალავენ, თუ რამხელა ზარალი ავქს ამ დღეებში რუსეთს და რუსული მხარე ამას როგორ მალავს.
თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს საქართველოს მოსახლეობის სიმშვიდე და ზარალი მინიმალური იყოს.