ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ახლა “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტია.
აშშ-ში სააკაშვილის თქვენით ჩანაცვლებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქედან წასულმა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილზე ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ჩაიტანა ამერიკაში? ამბობენ, საომარ მოქმედებაში სწორედ ამის გამო ჩაებაო. ნინო ბურჯანაძე: უბრალოდ უხერხულია ახლა, ამ სიტუაციაში ამაზე ლაპარაკი. საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მიეჩვიოს იმას (ამ შემთხვევაში დიდაქტიკური ტონი ჩემმა ხალხმა მაპატიოს და ესმიიღოს იმან, ვისაც ეხება), რომ აშშ არ არის ის ქვეყანა, რომელიც ვიღაცაზე ბრაზდება და შემდეგ ამ ქვეყნის პირველი პირის შემცვლელის ძებნას იწყებს.
მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როცა ჩვენი ხალხის ნაწილი ასე ფიქრობს და მსჯელობს, ეს არის შეურაცყოფა ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი და იმ ქვეყნის, რომელმაც საქართველოს ამდენი რამ გაუკეთა.
არანაირ შემცვლელზე აქ ლაპარაკი არ ყოფილა. აშშ ყოველთვის ცდილობდა საქართველოს იმ პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, რაც არსებობს. ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და უნდა მივეჩვიოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღებას და არა სხვებზე ყველაფრის გადაბარებას და გადაბრალებას.
კონდოლიზა რაისი აქ ჩამობრძანებული იყო იმისთვის, რომ კონკრეტულად ესაუბრა როგორ შეიძლება დარეგულირდეს კონფლიქტები აფხაზეთში, ცხინვალში; როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში შემდგომი დემოკრატიული პროცესები და როგორ უნდა დაეხმაროს ამაში ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს.
მაგრამ, დღეს რეალობა ძალიან შეცვლილია, ვითარება სრულიად სხვაგვარია და ბუნებრივია, ყველა სხვა თემაზე საუბარი უბრალოდ, არაკორექტულად და არასწორად მიმაჩნია.
ჩვენი ქვეყანა არის უმძიმესი განსაცდელის წინაშე. ახლა ნამდვილად არ არის კითხვების დასმის და იმის გარჩევის დრო, რატომ მოხდა ასე, როგორ მოხდა, ვისი მეტი ბრალია, ვისი ნაკლები, შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო თუ არა.
ამის დრო მოვა, იმედი მაქვს, რომ ამის განხილვის და ანალიზის საფუძველი საზოგადოებას ნამდვილად ექნება. ახლა ჩვენთვის მთავარია ერთი რამ, რომ ჩვენყველანი ვიყოთ ერთად.
|