რუსეთის სამხედრო აგრესიამ გორი ფრონტისპირა ქალაქად აქცია. თუმცა, ეს ტერმინი ბოლომდე მაინც არ შეეფერება ამ ქალაქს, რადგან ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად ფრონტის ხაზი მაინცდამაინც გორთან გადის. გორი უფრო ზურგს ჰგავს.
ყველაზე მეტად ომის სუნი და საშინელება ამ ქალაქში იგრძნობა. ადგილობრივი მოსახლეობა მაინც პატრიოტულადაა შემართული. “ქართველები ამ ომში გავწყდებით, მაგრამ არ დავნებდებით. უნდა გავიმარჯვოთ და თანაც ღირსეულად”, - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
გორში პანიკა არ შეიმჩნევა. გამართულად მუშაობს ქალაქის ინფრასრუქტურა. შეფერხებით, მაგრამ მაინც დადის ტრანსპორტი. ერთადერთი პრობლემა, რასაც ხელისუფლებაც არ მალავს, ქალაქის პურითა და საკვები პროდუქტებით მომარაგების მცირედი შეფერხებაა. ესეც იმ მიზეზით, რომ რეზერვისტებმა, ვინც კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიწვიეს, ყველამ გორში მოიყარა თავი. ამიტომ, უპირველესად, მათი დაპურება იყო აუცილებელი.
ცოტა ხნით გორში შესვლა-გამოსვლა შეფერხდა, მაგრამ ქალაქიდან ფეხი არავის მოუცვლია. თბილისიდან გორისკენ მიმავალ სამოქალაქო ტრანსპორტის მძროლებს აფრთხილებდნენ, თუ აუცილებელი საქმე არ ჰქონდათ, თავი შეეკავებინათ მგზავრობისგან. ასეთი სიფრთხილე გამოწვეული ქალაქის დაბომბვებით.
გორი ზურგია. სამოქალაქო პირებისთვის წარმოუდგენელია აქედან ცხინვალისკენ გამგზავრება და ფრონტის შუაგულში მოხვედრა. ქალაქამდე ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით აღწევს. ხშირად მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებასაც ცდილობენ, რომლის სათავეებისა და წყაროების დადგენა მიუწვდომელი და შეუძლებელია.
გორში შექმნილ მედიაცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს დეპუტატი გოკა გაბაშვილი, რომელთანაც ჟურნალისტებს ყველა საეჭვო ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, 9 აგვისტოს შუადღისას ქართველმა სამთავრობო შენაერთებმა საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაბომბეს როკის გვირაბის შესასვლელი. ეს ინფორმაცია გაბაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა, დადასტურებულად გვითხრა, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამთავრობო შენაერთებმა დღის განმავლობაში 30-ზე მეტი რუსული ტანკი გაანადგურეს.
იმ დროისათვის საქართველოს სამთავრობო ჯარებს შენარჩუნებული ჰქონდათ ყველა ის პოზიცია, რაც მათ თავის დროზე დაიკავეს. დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა ჯავის მისადგომებთან და ეს ბუნებრივიცაა - ერთადერთი სტრატეგიული ადგილი, რომელსაც ვერ აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ჯავა იყო. აქ უთანასწორო საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობდა. ჯავის მისადგომებს ქართველები ქვემოდან უტევდნენ, ხოლო ჯავაში დაბანაკებული რუსი შენაერთები ზემოდან ურტყამდნენ ქართულ ჯარს.
არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა მსხვერპლის შესახებ, რათა ტრაგიკულ მონაცემებს პანიკა არ გამოეწვია ხალხში. თუმცა, ასეთმა მეთოდმა უკუშედეგი მოგვცა. ინფორმაცია მაინც ჟონავდა. გაჩნდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების მეტი პირობები.
მობილიზებულია გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. ქალაქში შემოჰყავთ დაჭრილები პოზიციებიდან, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით. ბუნებრივია, სადაც ბრძოლაა, იქ მსხვერპლიცაა და დაჭრილებიც არიან.
გორში საკმაოდ შეფერხებულია მობილური კავშირი. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ პანიკის დათესვას და დეზინფორმაციის გავრცელებას. გაურკვეველი კატეგორიის ადამიანები თბილისში ხშირად გადასცემდნენ _ “ქალაქი მიწასთან არის გასწორებული”, “გორი დაეცა” და მსგავს ცნობებს.
რუსული ბომბდამშენები ეკონომიკურ ინფრასტრუქტურასაც ბომბავენ. მობილური კავშირის პრობლემები გამოწვეულია სხვადასხვა ადგილებში “მაგთისა” და “ჯეოსელის” გადამცემი ანძების დაზიანებით.
გორელები ქალაქის დატოვებას არ აპირებენ. ისინი ყოველ ღამით ელოდებიან დაბომბვას და რუსეთ-ჩეჩნეთის ომი ახსენდებათ _ ის პერიოდი, როცა ფაქტობრივად რუსეთს წესად ექცა ღამის საათებში სხვადასხვა ობიექტებსა და მშვიდობიანი მაცხოვრებლების განადგურება.
ქალაქში წესრიგს საპატრულო და სამხედრო პოლიცია იცავს. მარადიორობისა და სხვა სახის კრიმინალური შემთხვევების საფრთხე არ არსებობს. ქალაქში ხშირად ჩნდება ჩვეულებრივი პოლიციის მანქანებიც. შეიძლება ითქვას, გორი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება.
ტელეკომპანიები რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაცია დაჭრილების შესახებ, რომ რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლი იყო დაჭრილი. გორის სამხედრო ჰოსპიტალის წინ, ჭადრებზე გამოკრულ დაჭრილთა სიაში 441 დაჭრილი იყო დაფიქსირებული. დაახლოებით, 17:00 საათისთვის ჰოსპიტალთან 30 წუთის განმავლობაში 18 მანქანა მოვიდა ცხინვალიდან, რომლებმაც ოცამდე დაჭრილი მოიყვანეს. მეორე დღეს კი ამ დაჭრილთა გვარ-სახელები ჭადრებზე გაკრულ სიას არ მიმატებია.
9 აგვისტო ისე დაღამდა, ხალხმა ბოლომდე ვერ გაიგო სიმართლე, რა ხდებოდა ცხინვალში. ღამით, 12 საათისათვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველებმა ააფეთქეს როკის გვირაბი და ჯავის რაიონიც აიღეს. ფრონტის ხაზიდან კი სულ სხვა ამბები მოდიოდა. გორში კარგად აღწევდა გააფთრებული საარტილერიო ბრძოლების ხმა. ფრონტზე არსებულ სიტუაციას ბევრი სხვაგვარად ხატავდა _ რუსებმა დაგვცხეს და ქართველები უკან იხევენ, ნახევარ ცხინვალს უკვე მტერი აკონტროლებსო. მსგავს ინფორმაციას ის ადამიანები ავრცელებდნენ, რომლებსაც ცხინვალში მებრძოლ ახლობლებს უკავშირდებოდნენ და ისინიც მობილურის საშუალებით ფრონტის ამბებს ატყობინებდნენ. თუმცა, მსგავსი არხებით სრულიად საპირისპირო ინფორმაციებიც ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირად შეიძლება მიმდინარე მოვლენების აღქმა.
10 აგვისტოს დაახლოებით ღამის 2 საათისთვის, მედიაცენტრში დიდი ჩოჩქოლი ატყდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ გორის დაბომბვას, კერძოდ - გამგეობის შენობისას, რომლის სიახლოვესაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ. ამ აჟიოტაჟის გამო ბევრმა ჟურნალისტმა შუაღამისას სასტუმროებს მიაშურა. ნაწილმა კი ინფორმაცია არ დაიჯერა და მედია-ცენტრში დარჩა. მეც მათ შორის ყოფნა ვამჯობინე. თუმცა, დილის 6-ის ნახევარზე, მედიაცენტრს შერჩენილი ჟურნალისტები თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა წამოგვყარა და სასწრაფოდ გაგვარიდა შენობას. მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, რომ გორს ამჯერად მართლა ემუქრებოდა “სუ-25”-ის ნახევარტონიანი ბომბები.
ჟურნალისტები გაიფანტნენ, ზოგი თბილისში დაბრუნდა და ზოგი ღმერთის იმედად დარჩა გორში. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის წინ 230 რეზერვისტი იყო თავმოყრილი, რომლებიც მეორე ღამეს ათენებდნენ ქუჩაში. შეგნებულად არ ვასახელებ იმ რეგიონს, რომელსაც ისინი წარმოდგენდნენ. მედია-ცენტრიდან მომავალი დაფეთებული ჟურნალისტები რომ დაგვინახეს და ვუთხარით, შესაძლოა, ქალაქი დაიბომბოსო, ცოტა კი შეშინდნენ.
აქ მოკლედ ვიტყვი, რომ მეთაურმა ისინიც გაარიდა გორს. თუმცა, მანამდე არჩევანი შესთავაზა _ ვისაც გული გერჩით, დარჩით, თუ ვინიცობაა, მტერი ქალაქს მოადგა, ერთად დავიცვათო, ვისაც არა - სახლში წადით, დედასთანო. ამ 320 კაციდან, მხოლო 12 გადმოვიდა მეთაურისკენ, აქედან 3 ოფიცერი იყო. დანარჩენმა 308 კაცმა ავტომატები დაყარა და იმის შიშით, მეთაურმა არ გადაიფიქროსო, საწვავის შესავსებად წასულ ავტობუსსაც არ დაუცადა, ქარელიდან ფეხით გაუყვა შინისკენ მიმავალ გზას.
ცხადია, ამ მაგალითის განზოგადება ყველა სარეზერვო ბატალიონზე არ შეიძლება. ომში უკვე არაერთი მამაცი რეზერვისტიც დაიღუპა, მაგრამ ცხადია, როცა კაცს ძალით მიათრევ ბრძოლაში, ის არ იომებს. სანაცვლოდ მრავლად იყო შემთხვევები, როცა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ გულანთებულ მოხალისეებს იარაღი არ მისცეს და ბრძოლაში არ გაუშვეს. მათ შორის - კოსოვოში ნამსახურებ ბიჭებს, რომელთაც ამის დამადასტურებელი საბუთი ხელში ეჭირათ.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა დაღუპულთა შესახებ. ის ციფრი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ავრცელებს დაღუპულების შესახებ, საეჭვოა, რეალური იყოს. გასაგებია, რომ ესეც პოლიტიკაა. ზოგჯერ სიმართლე მწარეა და მტკივნეული, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ითქვას. სიმართლის მეოცედისა კი ბავშვებსაც არ სჯერათ.
ერთ-ერთი ინფორმაციით, რუსი აგრესორები ცხინვალის რეგიონიდან გორამდე მისვლას აპირებენ. რუსეთის გეგმაა, საქართველოს ჩამოაჭრას არა მხოლოდ ცხინვალი, არამედ კონფლიქტის ზონის მთელი ტერიტორია, მათ შორის, ის სოფლებიც, რომელსაც დღემდე რის ვაივაგლახობით ვინარჩუნებდით.
რუსული გეგმა ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გადმოჭიმვას ტყვიავამდე. თუ რუსეთ-საქართველოს ომში რაღაც ფორმით არ ჩაერთვნენ სხვა სახელმწიფოები, მაშინ პუტინის გეგმის განხორციელებას წინ შესაძლოა, ვეღარავინ დაუდგეს. მართალია, რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეს ჩვენები კვლავ ინარჩუნებენ, მაგრამ დაუნდობელ რუსულ აგრესიას, თუ ცეცხლი არ შეწყდა, დიდხანს ისინიც ვერ გაუძლებენ.
|