საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბერნარ კუშნერი და ალექსანდრე სტუბი საქართველოში ჩამოვიდნენ და გვიან ღამით პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართეს მოლაპარაკებები.
ისინი ორშაბათს მოსკოვში ჩავლენ და შეეცდებიან მხარეებს შორის მშვიდობის დამყარებას შეუწყონ ხელი.
”დეესკალაციის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონტროლირებადი ცეცხლის შეწყვეტა,” - განუცხადა კუშნერმა ჟურნალისტებს თბილისში.
”მეორე ეტაპი უნდა იყოს დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისათვის ცეცხლის შეწყვეტა გჭირდებათ, მესამე - ორივე მხარეს ძალების გამოყვანა, კონტროლირებადი გამოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები [გამოყვანის პროცესის]; მეოთხე - პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნება,” - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.
“რასაც დღეს, დღის განმავლობაში ხაზს ვუსვამ საგარეო საქმეთა მინისტრთან კუშნერთან არის ის, რომ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, სწორედ ეს არის საიდანაც უნდა დავიწყოთ,” - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის როლზე არსებულ კრიზისში, სტუბმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ უპასუხა: ”ფსიქოანალიზის დრო არ არის”.
”ჩვენ ახლა კრიზისის მართვის საქმეს ვაგვარებთ, ჩვენ ახლა მშვიდობის დამყარების საქმეს ვაგვარებთ; ჩვენ ახლა არ ვართ იმით დაკავებული, რომ ვეძიოთ, ვინ გააკეთა რა, როდის, სად და რატომ,” - განაცხადა სტუბმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალბათ დადგება სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი, მაგრამ ”რა შეიძლება იყოს ეს, ამ ეტაპზე არ ვიცით”. ამჟამად, პრიორიტეტს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს,” - დასძინა მან.
|