რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ “ნიუს.რუ.ცომ” გაავრცელა.
როგორც სააგენტო იუწყება, პუტინმა ეს განცხადება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საომარი ვითარების დასრულების შემდეგაც უყურადღებოდ არ დატოვებს.
“დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ ჩვენ დახმარებას გავუწევთ საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა თუ ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამისთვის 10 მილიარდი რუბლი გამოიყოფა”,-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი აღშფოთებულია დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ.
“მაკვირვებს ცინიზმის მასშტაბები და ცინიზმის ის ფორმა, როდესაც შავს თეთრად წარმოაჩენენ ან პირიქით”,-აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, აგრესორის მსხვერპლად წარმოჩენა დიდი ნიჭია.