დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ბრძანება დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
"13:00 საათზე პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიეთ, რათა ქვეყნის გადარჩენის საკითხებზე ვიმსჯელოთ,"- მიმართა სააკაშვილმა პარლამენტის თავჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ერს ხვალ, 15:00 სთ-ზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.
“ვაჩვენოთ აგრესორს, რომ ქართველი ერი ერთიანია და უტეხი, როგორც არასდროს. სწორედ ეხლა წყდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის საკითხი, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ” – მიმართა მოსახლეობას პრეზიდენტმა და დასძინა, რომ “მხოლოდ ქართველების ერთად დგომა შეუშლის ხელს მტერს გეგმის ბოლომდე განხორციელებაში”.
“ჩვენ ხვალ ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ – ქალებიც და ბავშვებიც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, პოლიტიკური და აპოლიტიკური საზოგადოებაც და დავანახოთ დამპყრობელს, რომ საქართველო ერთიანია, მისი გატეხვა კი – შეუძლებელი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ქართველ ჯარისკაცებსაც მიმართა და მოუწოდა, “ბოლომდე იბრძოლონ სამშობლოს დასაცავად”.