პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ”თუ რუსეთს არ სურს, მსოფლიოსთვის საფრთხობელა გახდეს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი არ უნდა დაუჭიროს”.
როგორც საყვარელიძემ განაცხადა, ”თუ რუსეთი დაფიქრდება საკუთარ მომავალზე და არ სურს, მთელი მსოფლიოსთვის საფრთხობელა გახდეს, იგი სეპარატისტული რეგიონების აღიარებას მხარს არ დაუჭერს”.
ამასთან, პოლიტოლოგს უჭირს იმის პროგნოზირება, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი მედვედევი რუსი პარლამენტარების მიმართვას. ”ჩვენ არ ვიცით, რა განწყობებია ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით თავად რუსეთში, მოვლენების შემდგომი განვითარება კი სწორედ კრემლისა და რუსეთის პოლიტ-ელიტის განწყობაზეა დამოკიდებული. რუსეთის პრლამენტში მსგავსი მოსაზრებები და რეკომენდაციები ადრეც გაჟღერებულა, თუმცა იმჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მათთვის მხარი არ დაუჭერია, რათა დასავლეთთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იქცევა რუსეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა მედვედევმა პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს”, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს მსგავსად, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით რუსეთის სახელმწიფო სათათბირომაც მიმართა. დოკუმენტში, რომელიც სათათბირომ მიიღო, ასევე დასმულია საკითხი, ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად უმოკლეს ვადაში მოლაპარაკებების გამართვის. ამასთან, საფუძვლები თანამშრომლობის ყველა ასპექტს უნდა აკმაყოფილებდეს, უსაფრთოხების საკითხების ჩათვლით”.
|