პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენ თვითონ” სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც აფხაზი და ოსი სეპარატისტების ლიდერების განეიტრალებაზე იმუშავებს. ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა, პარლამენტის წევრმა პაატა დავითაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, დავითაია არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება განეიტრალებაში. ”განეიტრალება ფართო ცნებაა. ჯგუფის თითოეული წევრი სეპარატისტთა თითო ლიდერზე აიღებს პასუხისმგებლობას. სეპარატისტები სოხუმისა და ცხინვალის ქუჩებში თავისუფლად ვეღარ ივლიან. ეს სპეციალური ჯგუფი საამისოდ სახსრებს ყველა წყაროდან მოიზიდავს”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, ასეთი ზომების მიღება იმ შემთხვევაში გახდება აუცილებლი, თუ სეპარატისთა წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები არ იქნება გამოყენებული.
დავითაია მოითხოვს, ვიდრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკდებლობას აღიარებს, საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტთა ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმეები სასწრაფოდ - დღეს ან ხვალ უნდა აღძრას, ინტერპოლმა კი მათზე ძებნა გამოაცხადოს.
- ”ამ მოთხოვნას წლების განმავლობაში ვაყენებდი და სანქციები აქამდე რომ გაცემულიყო, დღეს ასეთი შედეგი არ დადგებოდა. შესაძლოა, სანქციების გაცემამ მოსკოვის გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდება, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არვევს”, - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართვა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, ღია ანექსია და კრიმინალების მხარდაჭერაა.
|