პარასკები, 27.12.2024, 03:44
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 25 » რატომ დააკავეს ბათუმის პორტის უფროსი და ძმები “გატრუსულები”?
რატომ დააკავეს ბათუმის პორტის უფროსი და ძმები “გატრუსულები”?
18:07
რუსული საოკუპაციო ჯარების უკანდახევის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაციები საქართველოში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ პირთა შესახებ. ქართული სამართალდამცავი სტრუქტურები ჯერჯერობით თავს იკავებენ მსგავსი ფაქტების გახმაურებისგან. თუმცა, “ვერსიის” ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ნამდვილად არსებობენ, რომელთა ნაწილი უკვე დაპატიმრებულია.

საინტერესოა, რომ რუსული აგენტურის გამოვლენის პროცესი დაემთხვა რამდენიმე მოქალაქის დაკავებას რუსეთში, იქაც - ჯაშუშობის ბრალდებით. მათ დიდ ნაწილს ქართული გვარი აქვს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები არიან. შსს ჯერჯერობით, ამ თემაზეც მწირი კომენტარებით შემოიფარგლება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია, რუსული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ომის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობს.

შსს-ს პოზიციას ექსპერტები და პოლიტიკოსებიც იზიარებენ. გარდა ამისა, მათი აზრით, რუსეთის უშიშროების სამსახურები საგონებელში არიან და არ იციან, რით გაამრთლონ პატარა საქართველოსთან ბრძოლაში მიღებული დიდი დანაკარგები.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია ომის პერიოდში მიყენებული დანაკარგებით. მცირერიცხოვანმა ქართულმა საჯარისო ნაწილებმა დიდი დარტყმა მიაყენა “ძლევამოსილ” რუსულ 58-ე არმიას და მის ხელმძღვანელობას.

რუსეთში შესაძლოა, თვლიან და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ საქართველოს ვიღაცამ მიაწოდა 58-ე არმიის გადაადგილების მარშრუტი. არ არის გამორიცხული, ქართულმა დაზვერვამ მართლაც კარგად იმუშავა. ის ფაქტი, რომ საქართველოს შსს არ ადასტურებს რუსეთში საკუთარი აგენტურის არსებობას და მით უფრო, მათ დაკავებას, გასაკვირი სულაც არ არის.

- “ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როცა ამა თუ იმ ქვეყნის უშიშროების სამსახური უარყოფს, რომ ესა თუ ის პიროვნება მისი თანამშრომელი ან მოქალაქე იყო. ეს მიღებული ნორმაა და გასაკვირი არაფერია”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, ნიკა ლალიაშვილს ნაკლებად სჯერა, რომ რუსეთმა მართლაც დააკავა ქართული აგენტურის წარმომადგენლები. “პოლიტიკური თვალსაზრისით, კრახით დასრულებულ სამხედრო ოპერაციას რუსეთში ბუნებრივად მოჰყვა შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ინფორმაციების გავრცელება, რითაც საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ “რუსეთის სპეცსამსახურებს არ სძინავთ” და აკავებენ მტრის მზვერავებს. ეს ყველასთვის კარგად ცნობილი რუსული ზღაპრებია.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს შემთხვევა სერიოზული განხილვის საგანია, რადგანაც საფრთხე ექმნება საქართველოს მოქალაქეებს (თუკი რომელიმე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა), ან ეთნიკურად ქართველებს, რომლებსაც მხოლოდ წარმომავლობის გამო დევნიან”, - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი და დასძენს, რომ მათი უფლებების დასაცავად საჭიროა, ხელისუფლებამაც გაატაროს სათანადო ღონისძიებები და საერთაშორისო საზოგადოებამაც აიმაღლოს ხმა.

ბათუმის პორტის უფროსი და “გატრუსულები”

რაც შეეხება, ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ეჭვმიტანილებს, “ვერსიის” რესპოდენტები - ოპოზიციიდანაც და ხელისუფლებიდანაც მაქსიმალურად ერიდებოდნენ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა.

ბათუმის პორტის უფროსის დაკავების ფაქტის შესახებ სმენია “რესპუბლიკური პარტიის” წევრს დავით ბერძენიშვილს. თუმცა, როგორც მას ბათუმელებმა უთხრეს, დაკავებულს ნარკოტიკების მოხმარებას ედავებოდნენ და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. იგივეს ამბობს მამუკა არეშიძე. ბერძენიშვილიც და არეშიძეც აცხადებენ, რომ მათთვის ბათუმის პორტის უფროსის დაკავების შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის სამართალდამცველი სტრუქტურებიდან “ყრუდ გამოსული ინფორმაცია” და რამდენადაც მისთვის ცნობილია, ყველა სამხედრო პირი არ არის. “მათ შორის, ზოგიერთი არა ჯაშუშობისთვის, ან ღალატისთვის დააკავეს, არამედ იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების დროს სისუსტე გამოიჩინა და მათთვის ჩაბარებული სამხედრო ნაწილები მიატოვა, ან თანამდებობისთვის შეუფერებელი სხვა საქციელი ჩაიდინა.

სამოქალაქო პირებიდან დაკავებულნი არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ავიაციას ქართველი სამხედრო ბაზების კოორდინატებს აძლევდნენ. ჩემთვის ცნობილია ორი ასეთი პირის დაკავების შესახებ. ესენი არიან ძმები დევიძეები”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

არეშიძის თქმით, დევიძეები სოფელ ნიქოზის მკვიდრნი არიან და ზედმეტსახელად “გატრუსულებს” ეძახიან: “ერთ-ერთი ნამდვილად დაკავებულია და როგორც ოფიციალური წყაროები კულუარულ საუბრებში იტყობინებიან, კოორდინატებს აძლევდა მტრის თვითმფრინავებს”.

“ვერსიამ” არეშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დევნილ ნიქოზელებთან გადაამოწმა. მათი თქმით, დევიძეები ზემო და ქვემო ნიქოზში სულ ორი ოჯახია, მაგრამ ეეჭვებათ, რომ ამ ოჯახებიდან ვინმე მტრის თვითმფრინავებს კოორდინატებს მიაწვდიდა. შესაძლოა, დაკავებულები სოფელ კეხვიდან არიან, მაგრამ არათუ კეხვში, მთლიანად ლიახვის ხეობაში ძმები “გატრუსულების” შესახებ აქამდე ჯერ არ სმენიათ.

სხვა დაკავებულების შესახებ კონკრეტული და დადასტურებული ინფორმაციის მოპოვება ჭირს. პოლიტიკოსებს - ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც, თითქოს პირი შეკრესო, საჯაროდ არაფრის თქმა არ სურთ. ისე კი, ყველანი ადასტურებენ, რომ მათაც შეიტყვეს დაპატიმრებების შესახებ. რაოდენობაც სხვადასხვაა. ზოგნი ოცდაათს ასახელებენ, ზოგნი - შვიდ-რვა კაცს, ზოგიც - მხოლოდ ერთს, ბათუმის პორტის უფროსს, რომელიც უკვე გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი ინფორმაციით, დაკითხეს “იმედის” ხელმძღვანელის, ბიძინა ბარათაშვილის მძღოლიც, რომელიც თითქოსდა, საეჭვოდ იღებდა რაღაც ფოტოებს. თუმცა, წყაროს ცნობით, ეს ფაქტი, შესაძლოა, “იმედის” წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გაგრძელებადაც მივიჩნიოთ.

“ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს, რა თქმა უნდა, ვერ დაგიდასტურებთ. თუმცა, როცა ეს ამბები ჩაცხრება, ყველაფერს ნათელი მოეფინება და გაიგებთ, რა როგორ ხდებოდა”, - გვითხრა იუსტიციის მინისტრმა, ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, რუსეთში დაკავებული ადამიანებიც იმ ისტერიას ეწირებიან, რაც ამ ქვეყნის სახელისუფლებო პროპაგანდამ ააგორა: “რუსეთის მოქალაქებს ისიც სჯეროდათ, რომ რამდენიმე წლის წინ მოსკოვში სახლები ჩეჩენმა ტერორისტებმა ააფეთქეს, რა დროსაც 1 500 ადამიანი დაიღუპა. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, ეს ვისი ნახელავია”.

ისევ რამზან თურქოშვილი

რამზან თურქოშვილის შესახებ “ვერსია” ჯერ კიდევ მაისში წერდა, როდესაც იგი რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს. ამჟამინდელი რუსული პუბლიკაციებიდან ისე ჩანს, თითქოს, თურქოშვილი ამ დღეებში დააკავეს. მას ბრალად უყენებენ ქართულ სპეცსამსახურებსა და ჩეჩენ “ბოევიკებს” შორის ურთიერთობების დამყარებას.

საქართველოში იჩქერიის წარმომადგენლის, ხიზირ ალდამოვის თქმით, ქართული გვარის მიუხედავად, რამზან თურქოშვილი ქისტი არ არის და მას პანკისის ხეობაში არასოდეს უცხოვრია. მისი ქართული წარმომავლობაც სპეციალურად უნდა იყოს მოგონილი რუსული საზოგადოებისთვის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ განაწყობენ.

- “რამზან თურქოშვილს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქისტებში არასოდეს უცხოვრია. პანკისის ხეობაში არავინ იცნობს. როგორც გავიგეთ, ქალი კი ჰყავს იქაური. ეს ვინმე თურქოშვილი ისევ რუსეთის კაცი გახლავთ და იმას ალაპარაკებენ, რაც მათ ინტერესებში შედის”, - აცხადებს ხიზირ ალდამოვი.

მამუკა არეშიძის თქმით, ხერკელაძისა და თურქოშვილის შესახებ მას ამჟამად, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არა აქვს. იცის, რომ დაკავებულია რუსეთის არმიის 6-7 ოფიცერი, მათ შორის - ხაჩიძე.

ზოგადად, საეჭვოა, დაპატიმრებები დიდხანს დარჩეს საიდუმლოდ. ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, დუმილის დარღვევა მაინც მოუწევს. თუნდაც, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, ან ადვოკატებს ტრადიციული შეკითხვები გაუჩნდებათ.

Просмотров: 1051 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz