თბილისში ყველა ელოდა, რომ რუსი დეპუტატები აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს სასწრაფო წესით წამოწევდნენ, ამიტომ რუსეთის სათათბიროს ქვედა და ზედა პალატების გადაწყვეტილება დიდად არავის გაკვირვებია.
ქართველი ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ მედვედევს ახლა მაინც ეყოფა გონიერება, ასეთ დიდ ავანტიურაზე არ წავა და “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, ერთი რამ უდავოა - კრემლის ხელში ეს საკითხი ძალიან კარგი სავაჭრო თემა იქნება.
თორნიკე შარაშენიძე, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი: “მედვედევს სჭირდება, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში პოზიციები გაიმყაროს. იტყვის, რომ წარმომადგენლობითი ორგანო თხოვს, რომ ვცნო ამ რეგიონების დამოუკიდებლობა. რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთს პირდაპირ განუცხადებს, რამე რომ იყოს, ამაზე უპრობლემოდ წავალო. არა მგონია, რუსეთმა “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ამ საკითხს დასავლეთის დასაშანტაჟებლად კარგად გამოიყენებს”.
ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: “რუსეთი პოლიტიკურ იზოლაციაში ექცევა და ცდილობს, ამ იზოლაციიდან პოლიტიკურ მოვლენებზე ძალისმიერი ზეწოლით გამოვიდეს. მაქსიმუმს ითხოვს, რომ რაც შეიძლება მინიმუმი დათმოს. მას შემდეგ, რაც საქართველო და უკრაინა MAP-ს მიიღებს, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას რუსეთი ღიად გამოაცხადებს”.
თუკი რუსეთი მართლაც აღიარებს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთისა” დამოუკიდებლობას, მაშინ ამით ამ რეგიონებში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის დატოვებისთვის საფუძველს შექმნის.
- “რუსეთი გადაწევს თავის სამხედრო ძალებს რეგიონულ საზღვარზე და განაცხადებს, რომ ის არის აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობისა და სახელმწფოებრიობის გარანტი. ამით კი დაიწყება დაუსრულებელი დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის ამ ორი კონფლიქტური რეგიონის თვითნებურად დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო. ცხადია, ეს ყველაზე პესიმისტური პროგნოზია”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
რას წარმოადგენს დაგომისისა და მოსკოვის ხელშეკრულებები
იმისათვის, რომ მოვლენები რუსეთისთვის სასურველი სცენარით არ განვითარდეს, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონფლიქტურ ზონებში საერთაშორისო სამშვიდობოების გამოჩენა.
მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავებაზე ფიქრობს, რუსები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობოების დამატებითი კონტინგენტის შეყვანაზე მუშაობენ. რუსეთის დუმის ზედა პალატის სპიკერმა, სერგეი მირონოვმა აღნიშნა, რომ კონტინგენტის რაოდენობასა და დისლოკაციის ადგილს განსაზღვრავს რუსეთის პრეზიდენტი.
იმისათვის, რომ რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები კონფლიქტის ზონიდან გავიდნენ, პირველ რიგში საჭიროა, მოხდეს იმ ხელშეკრულებების ანულირება, რომლითაც მათ სამშვიდობო მისიის შესრულება დაეკისრათ. ცხინვალის რეგიონში ისინი დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედებენ, ხოლო აფხაზეთში მოსკოვის ხელშეკრულების მიხედვით.
1992 წლის 24 ივნისს სოჭში (დაგომისში) ელცინსა და შევარდნაძეს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა: ცეცხლის შეწყვეტას ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში, კონფლიქტის ზონის დაყოფას, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, “სამხრეთ ოსეთის” კონტროლის ზონებად.
ამ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შსკ). ეს იყო ოთხმხრივი ორგანო, საქართველოს, “სამხრეთ ოსეთის”, რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობითა და ეუთოს პატრონაჟით. განისაზღვრა საკონტროლო კომისიის ფორმატი, რომელიც მოიცავდა კონფლიქტის მოგვარების ყველა ასპექტს.
ამავე დოკუმენტით შეიქმნა გაერთიანებულ სამშვიდობო ძალთა სამმხრივი კონტინგენტი – ქართველების, რუსების და სამხრეთ ოსების მონაწილეობით. სხვათა შორის, შევარდნაძისა და ელცინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რატიფიცირებული არ იყო არც რუსი და არც ქართველი დეპუტატების მიერ.
დღეს საქართველოს ხელისუფლებას დაგომისის ხელშეკრულებას გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ეს ხელშეკრულება ორმხრივი დოკუმენტია და ყოველ მხარეს აქვს ცალმხრივი წესით მისი ანულირების უფლება.
პარლამენტარებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განუმარტა, ხელშეკრულების გაუქმებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება უკვე მიღებული აქვს და საკითხის დასრულება გადაწყვეტილია.
აფხაზეთში კი რუსი სამშვიდობოები მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე გამოჩნდნენ. 1994 წლის 14 მაისს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან რვა თვის თავზე, მოსკოვში, ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, დსთ-ს სამშვიდობოთა მანდატით კონფლიქტის ზონაში, 21 ივნისს, განლაგდა რეგიონში დომინირებული რუსეთის არმიის ნაწილები.
მათ მოგვიანებით გადაერქვა სახელწოდება, დსთ-ს მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალები ეწოდა და ხელშეკრულების განხორციელების ჩარჩოებში დაეკისრა შემდეგი პასუხისმგებლობა: ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის წარმოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და კანონიერი დაბრუნების ხელშემწყობი პირობების შექმნა; აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.
დღეს საქართველო უკვე აღარ არის დსთ-ს წევრი და შესაბამისად, ამ ორგანიზაციის მანდატით მყოფი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში დარჩენას სამართლებრივი საფუძველი უკვე გამოცლილი აქვს.
დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: “საქართველოს დსთ-დან გამოსვლა უკვე ნიშნავს მოსკოვის ხელშეკრელების გაუქმებას. პარლამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ე.წ. რუსი სამშვიდობოების დროული ჩანაცვლება მოხდეს. თუმცა, ჩვენ ამ ომში სხვებთან ერთად უნდა ვიყოთ და ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, ამის შესახებ საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ დასავლეთი. ჩვენ ახლა მარტო არ ვართ, ასე რომ, ვიდრე იგივე დაგომისის ხელშეკრულებიდან გამოვიდოდეთ, შესაბამისი კონსულტაციები უნდა გავიაროთ ვაშინგტონში, პარიზში, ბრიუსელში”.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილი: “ეს ხელშეკრულებები, პრაქტიკულად, უკვე რეალობაშია უარყოფილი. ცხინვალში რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ძალების ნაცვლად, მხოლოდ რუსული კონტიგენტია წარმოდგენილი.
აფხაზეთში კი რუსული კონტიგენტი განლაგებულია არსებული ხელშეკრულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით, როგორც ე.წ. სამშვიდობოების რაოდენობით, ისე შეირაღებით და სხვა. ეს არის ოკუპაციის ოპერაცია, ამიტომ დღეს ამ ხელშეკრულებებზე საუბარი ძნელია”.
ოკუპანტებს საერთაშორისო სამშვიდობოები ჩაანაცვლებენ
დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რუსი ოკუპანტების ე.წ. ბუფერული ზონებიდან გასვლა და შემდეგ კონფლიქტის ზონებში მათი საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლებაა. ეს იქნება ყველაზე რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი. ცხადია, რუსეთი ყველა ღონეს გამოიყენებს იმისთვის, რომ არ დაუშვას კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო ძალების გამოჩენა.
დასავლეთი რუსი ე.წ. სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე სერიოზულად მუშაობს. თუმცა, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, რა ძალები გამოჩნდებიან ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.
საგულისხმოა, რომ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების ჩაყენებისთვის ორი დაპირისპირებული მხარის თანხმობაა საჭირო. ანუ, ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობოების გამოჩენას მხარი როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე კოკოითის სეპარატისტულმა რეჟიმმაც უნდა დაუჭიროს. ასევეა აფხაზეთის შემთხვევაშიც.
დავით დარჩიაშვილი: “შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ნეტავ, დაუჭიროს მხარი მედვედევმა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებას. ამით საბოლოოდ გამოჩნდება, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე და მსოფლიო აღარ მოგვთხოვს კოკოითთან და ბაღაფშთან მოლაპარაკებას.
ვეღარც რუსეთი შეძლებს მათით მანიპულირებას. დიალოგი იქნება სწორედ რუსეთთან და ამდენად სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე დე-ფაქტო ხელისუფლებათა თანხმობა საჭირო აღარ იქნება. დასავლეთი კი რუსეთთან მოლაპარაკებაში მიაღწევს იმას, რომ სამშვიდობოების ჩანაცვლება მოხდეს”.
მართალია, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ შერეულ სამშვიდობო ძალებში რუსები არ იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა, რამდენად მიიღწევა ეს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვი ამას იოლად არ დათმობს.
ირაკლი მენაღარიშვილი: “არა მგონია, რომ რუსეთმა მოახერხოს დასავლეთის აზრის იგნორირება იმდენად, რომ უარი თქვას სრულიად ლოგიკურ და ელემენტარულ მოთხოვნებზე. თუმცა, რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ თავიდან აიცილოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისი სამშვიდობოების ჩანაცვლებას გამოიწვევს”.
- “თუ საერთაშორისო სამშვიდობოები კონტიგენტის შემოყვანაზე რაიმე შეთანხმება მოხდება, მაშინ რუსეთი ამას იმ შემთხვევაში დათანხმდება, რომ თავადაც იყოს წარმოდგენილი ამ ფორმატში. ამ შემთხვევაში კიდევ შესაძლებელია, რომ მოვლენები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში განვითარდეს”, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.
- “რუსი ე.წ. სამშვიდობოები მათ მიერ გამოგონილ ბუფერულ ზონებში იმიტომ ჩრებიან, რომ უნდათ ამით ივაჭრონ. აჭიანურებენ გასვლას, რომ სავაჭრო პოზიციები გაიმყარონ. მათ სარკოზი და მთელი ევროკავშირი სასაცილო და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება. ევროპა აქამდე თვალს ხუჭავდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვლება. ერთ კვირაში იქნება ეკროკავშირის საგანგებო სამიტი, რომელსაც სარკოზი მოიწვევს. თუ სერიოზული დაწოლა იქნება, ამ საკითხის გადასაჭრელად ერთთვიანი პრესპექტივაა”, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.