Главная » 2008»აგვისტო»26 » ავით დარჩიაშვილი: "მოსკოვის მცდელობა, საქართველოსა და კვიპროსს შორის ანალოგიები გამონახოს, სრულიად უსაფუძვლოა"
ავით დარჩიაშვილი: "მოსკოვის მცდელობა, საქართველოსა და კვიპროსს შორის ანალოგიები გამონახოს, სრულიად უსაფუძვლოა"
12:06
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებსა და კვიპროსის პრობლემას შორის ანალოგიების გავლება სცადოს. თუმცა დეპუტატის აზრით, რუსეთს იმის გათვალისწინება მოუწევს, რომ ნებისმიერი კონკრეტული კონფლიქტი უნიკალური და ინდივიდუალურია. "რუსეთი გარეგნული ნიშნებით საქართველოს კონფლიქტების კვიპროსისთვის დამსგავსებას ცდილობს: თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსში ჯარი შეიყვანა და მისი დამოუკიდებლობა აღიარა. ამ შემთხვევაშიც რუსეთმა ჯარი შემოიყვანა და რაღაცის აღიარებას აპირებს, მაგრამ ამით მსგავსებები მთავრდება. განმასხვავებელი დეტალი უამრავია. მაშინ, როცა თურქეთმა კვიპროსში ჯარი შეიყვანა, სულ სხვა ვითარება იყო: ეს მოხდა 70-იან წლებში, როცა საბერძნეთში დიქტატურა მეფობდა, საბერძნეთმა კვიპროსის შეერთების სურვილით ომი დაიწყო და ძალიან რთული, სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო" - განუცხადა "პირველს" დარჩიაშვილმა და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დღეს არც თავად ჩრდილოეთ კვიპროსის მოსახლეობა და არც თურქეთი კუნძულის გაერთიანების წინააღმდეგი არ არიან". რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხს, პოლიტოლოგის აზრით, ამ შემთხვევაში მოსკოვის მხრიდან აშკარაა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს ტერიტორიის დაპყრობა. "დღეს პუტინი მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც 30-იანი წლების ბოლოს - სტალინი, რომელიც ომებს იწყებდა და მეზობელ ქვეყნებს იპყრობდა. მსოფლიო ამას ხედავს და ძალიან ღიზიანდება" - დასძინა დეპუტატმა.