Главная » 2008»აგვისტო»26 » ბორჯომის ხეობაში გაღვივებული ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით და კვადროციკლებით შეეცდებიან
ბორჯომის ხეობაში გაღვივებული ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით და კვადროციკლებით შეეცდებიან
12:09
ბორჯომის ხეობაში გაღვივებულ ხანძარს ვერტმფრენებით და კვადროციკლებით შეებრძოლებიან. როგორც "პირველს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ეკა ბენდელიანმა განუცხადა, ცეცხლის ლოკალიზება "საქართველოს ბანკის" დახმარების ფონდის მიერ ნაჩუქარი კვადროციკლებით იგეგმება, რომელიც მიუვალ ადგილებში ძალზე მოსახერხებელია. ცეცხლის ლიკვიდაციაში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები ჩაერთვება. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია უკრაინის მიერ გადმოცემული სახანძრო მანქანებიც. მისივე თქმით, ამ წუთებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე შემთხვევის ადგილისკენ მიემართება. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სადაც ხანძარი ლოკალიზებული იყო, გუშინ, გვიან ღამით ცეცხლი კვლავ გაღვივდა. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობის ტყეებში 20 ჰექტარი ტყის მასივი იწვის და ცეცხლის 10-მდე მწვავე კერაა. კერების გაღვივება ქარიშხალმა გამოიწვია. მდგომარეობას ართულებს ის, რომ ცეცხლი მიწას უკიდია, დაახლოებით ნახევარ მეტრ სიღრმეზე იწვის ტუფი.