იმაზე, თუ რას შეიძლება ელოდოს საქართველო, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ 1 სექტემბრისათვის დაგეგმილი ევროკავშირის საგანგებო სხდომისაგან, რომელიც საქართველოში რუსული ინტერვენციის მცდელობას განიხილავს, გაითვალისწინებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთის ქვედა და ზედა პალატის მიერ მისი მისამართით შემუშავებულ მოთხოვნას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
რუსეთის სათათბიროს ქვედა და ზედა პალატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ამავე თხოვნით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიმართეს. თქვენი აზრით, აღიარებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას? - ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რუსეთმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ხმაურიანი განხილვით რუსეთი დასავლეთთან ვაჭრობისთვის ფონის შექმნას ცდილობს. მოსკოვში კარგად იციან, რომ ევროკავშირის სპეციალური სხდომა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინიციატივით 1 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
რუსეთი, რომელიც ჯერ თავად ვერ გარკვეულა საერთაშორისო არენაზე საკუთარი თავის მოჭრის მასშტაბებში, ნამდვილად ვერ გადადგამს ნაბიჯს იმისათვის, რომ გაურკვეველი წარმონაქმნის დამოუკიდებლობის აღიარებით დაუპირისპირდეს დასავლეთს. თუ ”ცივი ომი” რუსეთის არჩევანია, ის გახდება ”ყინულოვანი ომის” მოწმე, დასავლეთი ამისათვის სულ უფრო მეტ მზადყოფნას ამჟღავნებს.
თუ მაინც აღმოჩნდა, რომ სიძულვილმა გამოიწვია პუტინისა და მედვედევის ცნობიერების ტოტალური დაბინდვა და ასეთი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერით გამოიცა, მაშინ დასავლეთს დარჩება სამსჯელოდ მხოლოდ რუსეთისათვის სანქციების სახეობისა და მტკივნეულობის ხარისხის დადგენა.
ამ შემთხვევაში რუსეთს 20-მდე სახელმწიფო ეყოლება შეგულიანებული ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ნაბიჯით რუსეთი თავად დამარხავს სამშვიდობო ოპერაციებში რუსეთის სამშვიდობო ძალების მონაწილეობის იდეას.
მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც, რუსეთის ავანტიურა ვერ იქნება გრძელვადიანი, ბაღაფშსა და კოკოითს კი საკუთარი ხალხი გაასამართლებს.
საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ინტერვენციის მცდელობით შეშფოთებულმა ევროკავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია. რას შეიძლება ველოდოთ ევროკავშირის საგანგებო სამიტისაგან? - მას შემდეგ რაც ნატოს მინისტერიალი შედგა სრულიად ცალსახა შედეგებით, იყო მსჯელობა იმაზე გახდებოდა თუ არა საჭირო ევროკავშირის საგანგებო სხდომის მოწვევა, ეს დამოკიდებული იქნებოდა იმ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამდა რუსეთი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ აპირებს საკუთარი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სრული ფორმატით რეალიზებას, სარკოზიმ თავისი დანაპირები შეასრულა და ასეთი სხდომა მოიწვია.
რასაკვირველია, ეს იქნება სერიოზული, მაგრამ არც თუ ისეთი მონოლითური გუნდის მსჯელობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, როგორც ეს ნატოს მინისტერიალზე იყო, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან, ძირითადად, ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა ხიბლავთ.
შესაძლოა, ევროკავშირის საგანგებო სამიტზე ნატოს მსგავსი ერთსულოვნება ვერ დავინახოთ, მაგრამ იგი იქნება ბევრად უფრო კატეგორიული, ვინაიდან იაქტიურებენ ევროკავშირის ე.წ. ახალგაზრდა წევრები, ვგულისხმობ, იმ 10-12 ქვეყანას, რომელიც უკანასკნელ წლებში დაემატა ამ ორგანიზაციას. ასევე აქტიურები იქნებიან ევროკავშირის ტრადიციული ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რომლებიც საქართველოს საკითხში ორჭოფობას არ გამოხატავენ.
საუბარია იმაზე, რუსეთისთვის რა ტიპის სანქციების დაწესებისთვის იქნება მზად ევროკავშირი. ჩემი აზრით, მინიმუმ სახეზეა აუცილებლობა გადახედულ იქნას შეღავათები, რომელიც მზადდებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ, თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.
ცხადია, რომ არა თუ შეღავათიანი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ, ამა თუ იმ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქის ცხოვრების ფაქტი, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ თავსატეხს წარმოადგენს. როგორც ყველამ დაინახა, ნებისმიერი ცალკე აღებული მოქალაქის ვითომდა უფლებების დაცვას რუსეთი მარტივად, სამხედრო ინტერვენციის საშუალებით ახორციელებს. დროა, ევროპამ საკუთარი საკონსტიტუციო ველის გამყარებით თავიდან აიცილოს ამ ტიპის საფრთხე. ასეთი საფრთხე უპირველესად უკრაინას უდგას, სადაც ასევე დაიწყეს რუსული პასპორტების დარიგება. თავად რუსული პასპორტების დარიგების ფენომენი, ისევე როგორც ქვეყანაში რუსული მოქალაქის ცხოვრება, უსათუოდ უნდა მოექცეს ძალიან მკაცრი საკონსტიტუციო კონტროლის ქვეშ, რათა კრემლის მხრიდან გამოირიცხოს ამ თემის ნებისმიერი სპეკულაცია. ეს თავად ევროპის უსაფრთხოებისათვის არის აუცილებელი.
რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებს, რასაკვირველია, აქ უკვე ევროკავშირის პრესტიჟზეა საუბარი. როცა ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტს თავის სამშობლოში უამრავი პრობლემა აქვს, იგი არ ზოგავს არც დროს და არც საკუთარ თავს და დადის ერთი დედაქალაქიდან მეორეში, ჩართულია აქტიურ კონსულტაციებში როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ დროს მისი უგულებელყოფა, აქამდე მიღებული ხელშეკრულების ვოლუნტარისტული ინტერპრეტირება, რუსეთის თავგასულობისათვის წაყრუება, ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტისათვის, როგორც ევროკავშირია, კრახი იქნებოდა.
რუსეთში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა სამხედრო წარმატება დიპლომატიური კრახის ფონზე მოიპოვა. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მომხდარზე დასავლეთის რეაქციამ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს? რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ შიდა ფინანსური გადანაწილების საფრთხე. მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტები, რუსული კაპიტალის წარმოშობის მიმართ უცხოური საბანკო სისტემის ინტერესი, მხოლოდ საერთო ძალისხმევა დაეცეს ნედლი ნავთობის ფასი ორნიშნა ზღვარზე, არის ის მოტივი, რომელმაც შესაძლოა კრემლის ორი ფრთა, ასე ვთქვათ გლობალ-კლეპტომანები და ნაციონალ-კლეპტომანები ერთმანეთს დააჯახოს.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება. რუსეთის პოლიტიკის ცვლილებაში არ იგულისხმება რაიმე ტიპის დათმობა საქართველოს მიმართ, რადგან რუსეთის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა დღესაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს ველურ ქვეყნად წარმოსაჩენად.
თქვენი აზრით, რამდენად რეალურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მომხდარის შემდეგ რეალურად გამოჩნდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების ფორმატის შეცვლის პერსპექტივა? რუსეთი საქართველოში ცდილობს გამოიყენოს ის გამოცდილება, რომელიც მან ყარაბაღის კონფლიქტში მიიღო. რუსეთის ძალისხმევით ყარაბაღში შექმნილია ე.წ. უსაფრთხოების ბუფერული ზონები აზრბაიჯანის ტერიტორიაზე, რომლებიც დღეს, პრაქტიკულად, ოკუპირებულია სომხების მიერ.
ახლა სულ უფრო ხშირია საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს ეს ე.წ. ბუფერული ზონები და არა ყარაბაღი. რუსეთის ამოცანა საქართველოში სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სენაკზე, ფოთზე, კარალეთზე და არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთის საკმაოდ პრიმიტიულ მზაკვრობას ევროპა წინ უნდა აღუდგეს. ევროპა უნდა იყოს შეუვალი იმის მიმართ, რომ რომელიმე რუსული ჩექმა სადმე დააბიჯებდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
დროებით, ვიდრე საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდება, ევროპისთვის ეს ასე თუ ისე, მოსათმენია, მაგრამ ის, რომ რუსეთმა აბსოლუტურად უგულებელყოს ევროპელთა ძალისხმევა და დაიწყოს თარეში იქ, სადაც ამის სურვილი აქვს ბატონ პუტინს, ეს მომავალში ძალიან მძიმედ აისახება თავად ევროპის ერთიანობაზე.
ყველაფერი ცხადი მას შემდეგ გახდება, თუ როგორი წარმატებით მოახერხებს ევროპა საქართველოს არაკონფლიქტური ზონებიდან რუსეთის ჯარის განდევნას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების რაიმე ტიპის ახალ ფორმატზე.
|