Главная » 2008»აგვისტო»26 » "ოლიმპიური ვარსკვლავი" პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს ბინებს გადასცემს
"ოლიმპიური ვარსკვლავი" პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს ბინებს გადასცემს
15:50
"ოლიმპიური ვარსკვლავი" პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს ბინებს გადასცემს. ამის შესახებ "პირველს" "ოლიმპიური ვარსკვლავის" წარმომადგენელმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა. "პირობის თანახმად, ოლიმპიური ჩემპიონები "ოლიმპიური ვარსკვლავისგან" ბინებით დასაჩუქრდებიან. ამასთან, შეგახსენებთ, რომ სამივე გამარჯვებული ერთი წელია, კომპანიის სტიპენდიანტია" – განმარტა რაზიკაშვილმა. ოლიმპიური ჩემპიონები სამშობლოში უკვე ჩამოფრინდნენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აეროპორტში საგანგებო მიღება არ გამართულა, თუმცა გაკეთდა ქართული დროშების ე.წ. მდუმარე ხეივანი, რომელშიც ქართველი ოლიმპიელები გამოივლიან. ქართული ოლიმპიური დელეგაციის დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენები, საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები იმყოფებიან. არ არის გამორიცხული, ოლიმპიადის ქართველი პრიზიორები დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღონ. შეგახსენებთ, რომ პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები მანუჩარ კვირკველია, ირაკლი ცირეკიძე და რევაზ მინდორაშვილი გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს ნინო სალუქვაძე, ოთარ თუშიშვილი და გიორგი გოგშელიძე დასჯერდნენ.