Главная » 2008»აგვისტო»26 » აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თეიმურაზ მჟავიას განცხადება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თეიმურაზ მჟავიას განცხადება
15:51
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ მჟავია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. "პირველი" მას უცვლელი სახით გთავაზობთ. "ოფიციალურ განცხადებებში ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ პერმანენტულ რეჟიმში განხორციელებული აგრესიული ღონისძიებები ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ოფიციალურად ეღიარებინათ აფხაზეთი და ყოფილი სახრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, რაც განახორციელეს კიდეც გუშინ - რუსეთის სახელმწიფო პარლამენტის ორივე პალატამ, დღეს - რუსეთის კვაზი-პრეზიდენტმა მედვედევმა, არსებითად კი - პრეზიდენტ-პრემიერმა პუტინმა. სწორედ ამ მიზნით ჩააბა რუსეთმა საქართველო საომარ მოქმედებებში. შეიძლება, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საქართველოში საომარო მოქმედებების გაჩაღება და ჩვენი ქვეყნის აგრესორად წარმოჩენა მათ სწორედ ამისათვის დასჭირდათ. ისმის კითხვა: რამ განაპირობა რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები? - მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთმა: პუტინი დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში გაწევრიანდება ნატოში, ამიტომ მიღებული აქვს ლიბერალური დასავლეთისათვის და, როგორც ჩანს, ჩვენთვისაც ნულოვანი ალბათობით მოსალოდნელი გადაწყვეტილება - დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემონტაჟი. ჩვენ სრული დარწმუნებულობით ვაცხადებთ, რომ პუტინი დაადგა საკუთარი პრობლემის გადაჭრის იმ გზას, რომელიც პრობლემის გამომწვევი სუბიექტის არარსებულ მდგომარეობაში მოქცევას ითვალისწნებს. თუ კი სტალინისეული "პოსტულატის" პერიფრაზირებას მოვახდენთ, მივიღებთ შემდეგს: არ არის სახელმწიფო საქართველო - არ მოხდება მისი გაწევრიანება ნატოში. არსებულ ვითარებაში ჩვენში გაკვირვებას იწვევს ის შეფასებები, რომლებიც ამ კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით გაჟღერდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის გაუგებარი რჩება, თუ რას ემსახურება და რას ითვალისწინებს შემსუბუქებული დახასიათება იმ უპრეცედენტო ქმედებისა, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. ამ უკონტროლო მონსტრმა სახელმწიფო სამართლებრივი აქტით, რომელსაც ანალოგი ისტორიაში ნამდვილად არ მოეპოვება, ხელყო სახელმწიფოებრივი მდგრადობის უპირველესი კრიტერიუმი - ტერიტორიული კონსტანტა, ჩვენ და ჩვენი მეგობრები კი ამას რატომღაც, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გაწნილ სილად, საქართველოს შეშინებად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან სავაჭროდ გამიზნულ ქმედებად ვაფასებთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა დააყენოს საკითხი აბსოლუტურად ცალსახად: საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს თუ არა, ხვალ უპირობოდ იწყებს საქართველოზე რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ადექვატური, ე.ი. პირდაპირი და უშუალო ღონისძიებების განხორციელებას, ან იგი ხდება რუსი კანიბალების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის იავარქმნის გარეშემყურე. ამიტომაც სწორედ დღეს გვჭირდება "ქუდზე კაცის" პრინციპით კონსოლიდირება, სწორედ დღეს დაგვიდგა ის საათი, როდესაც მსოფლიომ უნდა დაინახოს ჩვენი ქვეყნის ქალაქების მოედნებზე ასიათასობით საქართველოს მოქალაქე და ომახიანი შეძახილი - "არა რუსულ აგრესიას!", "ყველამ ერთად გადავარჩინოთ საქართველო!".