Главная » 2008»აგვისტო»26 » ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ეკონომიკის განადგურების აღკვეთისკენ
ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ეკონომიკის განადგურების აღკვეთისკენ
15:51
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ქვეყნის ეკონომიკის განადგურების აღსაკვეთად. როგორც სამინისტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია არ აპირებს, შეასრულოს ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით". "რუსეთის სამხედრო ფორმირებები უკანონოდ არიან განლაგებული ფოთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან - 30 კილომეტრით, ხოლო ცხინვალის კონფლიქტის ზონიდან 160 კილომეტრით არის დაშორებული", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სამინისტრო გუშინ ღამით ფოთში რუსი ჯარისკაცების მიერ კომპანია "ნიკორას" ადგილობრივ საწარმოში შეჭრის ფაქტსაც ეხმიანება. მისი შეფასებით, "აღნიშნული ფაქტი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები მაროდიორთა ბანდებად გადაიქცნენ, რომელთა ქმედებები სამოქალაქო მოსახლეობისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რბევა-განადგურებისკენ არის მიმართული". "თავად ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებების თანახმად, რუსეთი არ აპირებს საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, ცხადყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ საკუთარი პოლიტიკის იარაღად საბოლოოდ ეთნიკური წმენდა და სამხედრო ძალის გამოყენებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აირჩია", - აცხადებს სამინისტრო.