რუსების სამხედრო მანქანამ კი უკან დაიხია, მაგრამ ეკონომიკური შეტევა საქართველოზე ახალი ძალით განახლდება. კრემლი მრავალგვარ ეკონომიკურ სანქციებს ადრეც არაერთგზის გვიწესებდა, თუმცა ასეთი ”მასშტაბური” შედეგისათვის არასოდეს მიუღწევია.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველოს ეკონომიკის ზარალი იმდენად დიდია, რომ მის დათვლას კარგა ხანი დასჭირდება. იმისათვის, რომ ეკონომიკური ნგრევის სურათი თვალნათლივ გამოჩნდეს, ქართველებს ამერიკელი სპეციალისტებიც ეშველებიან.
რუსული აგრესიის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი ამერიკული დელეგაცია თბილისში უკვე ჩამოვიდა.დელეგაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი ხელმძღვანელობს.
როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებებს აშშ-ს სხვადასხვა სააგენტოების მაღალჩინოსნები გაეცნობიან.
მათ შორის, აშშ-ს განვითარების სააგენტოს, კომერციულ საქმეთა დეპარტამენტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საზღვარგარეთ კერძო ინვესტირების კორპორაციის, აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის და ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან შეხვედრებს გეგმავს. ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 27 აგვისტომდე გასტანს.
ვიდრე ზარალის რაოდენობა ოფიციალურად გახდება ცნობილი, კეთდება განცხადებები მიახლოებულ ციფრებთან დაკავშირებით.მაგალითად, ”იუესაიდში” მიაჩნიათ, რომ საქართველოს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 მილიარდიდან 2 მლრდ დოლარამდესჭირდება.
ეს განცხადება ამერიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ჰენრიეტა ფორდმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას გააკეთა. ამ ზოგად ციფრებში შედის დაზიანებული ჰიდროელექტროსადგურები, გზები, აგრეთვე ის სახლები, რომელთა დატოვებაც აგრესიის დროს ხალხს მოუწია.
გარდა პირდაპირისა უნდა დაითვალოს გრძელვადიანი ზარალიც, რომელიც გამოხატული იქნება ინვესტიციების შეფერხებაში, სამშენებლო, საფინანსო და ტურისტული სექტორის კრიზისში. აგრეთვე იმაშიც, რასაც რუსეთი ამიერიდან ეკონომიკურ ბერკეტად გამოიყენებს.
თუმცა, ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ამ კუთხით ზეწოლას ვეღარ გააძლიერებს და ისევ ენერგომატარებლებით ვაჭრობას დაიწყებს. ექსპერტი ეკონომკის საკითხებში დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ერთადერთი ბერკეტი დარჩა ასამოქმედებელი, რაც ენერგომატარებლების ფასის ზრდაში გამოიხატება.
- ”ერთედერთი ბერკეტი, რაც შეიძლება რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აამოქმედოს, ეს არის ენერგომატარებლების გაძვირება. მიმდინარე ეტაპზე რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, გარდა გაზის ტარიფის გაზდისა. რუსეთ-საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობა, ფაქტობრივად, არ ხორციელდებოდა. თუ რუსეთი კვლავ აამოქმედებს ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ემბარგო, გეტყვით, რომ დღეისთვის საქართველოდან რუსეთში თითქმის აღარაფერი გადის და არა მგონია, ამან დამაგრევლად იმოქმედოს საქართველოს ეკონმიკაზე”, - განაცხადა ნარმანიამ.
ექსპერტი მიჩნევს, რომ ხელახალი ემბარგოს გამცხადება თავად რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
- ”ეს თავად რუსეთს ინტერესებში არ არის, რადგან მას ჯერ კიდევ სურს მსო-ში გაწევრიანება და თუ რუსეთი საქარველოს მიმართ დამატებით სანქციებს გამოიყენებს, მაშინ ორგანიზაციაში მისი წევრობის განხილვაც აღარ მოდება”, - აცხადებს ნარმანია.