რუსეთი საქართველოში განცდილი პოლიტიკური მარცხის შემდეგ, საკუთარ გულს ასკდება. პუტინმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მედვედევმა დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთი ფიქრობს, ასე იყრის ჯავრს მთელს სამყაროზე, მაგრამ სამყარო რუსეთს ორბიტის ირგვლივ არ ბრუნავს და ეს რუსეთმაც კარგად იცის.
გუშინ, კრემლის რუპორები ერთმანეთს ცვლიდნენ ტრიბუნასთან და ალბათ, ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ დასავლეთის წინააღმდეგობას გატეხენ. ზიუგანოვმა რამდენჯერმე შეახსენა დასავლეთს, რომ ენერგეტიკულად ისინი რუსეთზე არიან დამოკიდებულები და ”თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, მაშინ ნახეთ, რა მოხდება”, - ასე ბრძანა ზიუგანოვნა.
ამ მუქარაში არის ლოგიკის მარცვალი, რადგან ენერგომატარებლების 40% დასავლეთში მართლაც რუსეთიდან შედის და რუსეთის მიერ გაზის ონკანის გადაკეტვა ევროპას ცუდ დღეში ჩააგდებს. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და მედლის მეორე მხარეს რეალობა სხვაგვარია.
ამბიციები ჯერჯერობით, რუსეთი ახერხებს ევროპა მის ენერგორესურსებზე იყოს დამოკიდებული და ეს ბუქარესტის სამიტმაც დაასტურა. ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე უარიც რომ თქვას და ალტერნატიულ გზებზე დაიწყოს ფიქრი, ერთის მხრივ, ეს, რუსეთს თითქოს, ვერ შეასუსტებს. საქმე ისაა, რომ რუსეთი დიდი ხანია ჩინეთსა და ინდოეთთან აწარმოებს გაზის მიწოდებაზხე მოლაპარაკებებს.
რუსეთი მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის და ცენტრალური აზიის ქვეყნების: აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის დარწმუნებასაც ცდილობს, რომ გაზი ბაზარზე სწორედ რუსეთის გავლით მოხვდეს.
მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება რუსეთის ამბიციები, რადგან ამ უკანასკნელს აშშ-ს ბაზარიც მიზანში აქვს ამოღებული და აფრიკული ენერგეტიკული ფონდებიდან მიღებული რესურსების განაწილებას საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთშიც გეგმავს.
რუსეთის ყველა ეს მცდელობა ალბათ, კიდევ უფრო გააძლიერებს მოსკოვის მიერ ნავთობისა და გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობას. თუმცა, არის საკითხები, რომელზეც რუსეთი ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ მისი გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს.
რეალობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: -”მართალია რუსეთი ევროპას ენერგომატარებლების 40%-ს აწვდის, მაგრამ თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, საინტერესოა სად წაიღებს რუსეთი გაზს? ისიც მართალია, რომ ინდოეთი რიგში დგას, მაგრამ გადაიხდის კი ინდოეთი ათას კუბამეტრ გაზში $400-ს როგორც ევროპა იხდის? რაც შეეხება ჩინეთს, ეკონომიკურ სფეროში ჩინეთი რუსეთის პრინციპული მოწინააღმდეგეა და დაუშვებს ჩინეთი, რომ ეკონომიკურად რუსეთზე გახდეს დამოკიდებული?”
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ბაქი-ბუქი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან, რუსეთი თუ გამყიდველია, ევროპა მყიდველია და ორივეს ერთნაერი ინტერესები აქვთ.
-”გასაღების ბაზრის მოპოვება არც ისე იოლია და ვერც რუსეთი აუვლის გვერდს ამ საკითხს. გავიხსენოთ, რა დაემართა საქართველოს, როცა რუსეთმა ქართულ ღვინოზე, ბორჯომზე, ჩაიზე, მწვანილსა და სხვა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა. თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე უარს იტყვის, ეს არც მას ჩააგდებს უკეთეს დღეში. მომავალში, შესაძლოა, რუსეთს მყიდველიც კი არ ყავდეს,” - ამბობს სოსო ცინცაძე.
აქვე, ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკა ევროპისკენ მიმავალი მილსადენებით, რუსეთის გვერდის ავლით ცდილობს მიწოდების ახალი სისტემის შექმნას, რომელშიც აზერბაიჯანი და ერაყი იქნებიან ჩართულნი. ასე რომ, რუსეთის მუქარა შესაძლოა, თავად რუსეთისთვის იქცეს საფრთხედ.
კლიენტები რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ, საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ, დასავლეთის ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ აღაშფოთა. თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ მედვედევის განცხადებამდე გაავრცელა ჯორჯ ბუშის განცხადება:
”ღრმად ვარ შეშფოთებული რუსეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების მიერ პრეზიდენტ მედვედევისადმი მიმართვის გამო, აღიარებული იყოს საქართველოს რეგიონები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა ვალდებულება და არ აღიაროს ეს სეპარატისტული რეგიონები”.
”როცა პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა საფრანგეთის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთი დათანხმდა, დაწყებულიყო საერთაშორისო მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთოხებისა და სტაბილურობის შესახებ”.
”ეს წარმოადგენს საერთაშორისო დონზე მოწონებულ მიდგომას, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში ჩაიშლება. საქართველოს ამ ორი რეგიონის აღიარება შეეწინააღმდეგება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებზეც რუსეთსაც თანამიმდევრულად აქვს ხელი მოწერილი. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში ამოუდგება ქართველ ხალხსა და დემოკრატიას, მხარს დაუჭრეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
რუსეთის ქმედება “დიდი შვიდიანის” ქვეყნებმაც დაგმეს და აშშ-მ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, კანადამ და იაპონიამ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ერთხმად უჭერენ.
თუმცა, რუსეთსაც ყავს მოკავშირეები, რომლებიც ალბათ, მხარს აუბამენ პუტინ-მედვედევის გადაწყვეტილებას. ვენესუელა და ბელორუსია ჯერჯერობით პირველები არიან, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ მხარს რუსეთს დაუჭერენ.
სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ უგო ჩავესი, რუსეთის მხარდაჭერით ჯავრს ამერიკაზე იყრის, მაგრამ შესაძლოა, რუსეთს უზბეკეთმა, ტაჯიკეთმა და სხვა, რუსეთის კლიენტებმაც დაუჭირონ მხარი.
-”ამის მიუხედავად, საქართველოსთვის ეს ბევრს არაფერს შეცვლის. ანკარამ 30 წლის წინ ცნო ჩრდილოეთ კვიპროსი, თუმცა კვიპროსის მთავრობა ნიქოზიას დღესაც მოლაპარაკებების დაწყებას ეხვეწება. ნიქოზიაში მთავრობის შეცვალამ იმდენად გაახარა ჩრდ. კვიპროსის მთავრობა, რომ იმედი გაუჩნდათ, წინა მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც მათთან ყავის დალევასაც არ კადრულობდა, ახალი მთავრობა მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.”
განცხადებებს მიღმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ საბოლოოდ შეილახა ისედაც შელახული იმიჯი. დასავლეთის გულისწყრომა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რუსეთმა საკუთარ ეკონომიკაზეც იწვნია თუ რა მოუტანა აგრესორის როლში ყოფნამ. ეჭვქვეშ დადგა სოჭში ოლიმპიადის ჩატარების საკითხიც, მაგრამ წინ ჯერ რამდენიმე წელია და არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება.
რუსეთმა აღიარა, მაგრამ სინამდვილეში, ძნელი სათქმელია რას მოუტანს რუსეთის აღიარება სეპარატისტულ რეგიონებს. კოკოითს რომ ჭკუა არ მოეკითხება ეს არახალია, მაგრამ მისგან განსხვავებით, ბაღაფში გაცილებით ჭკვიანია. ძნელი დასაჯერებელია, იგი რეალურად ვერ აფასებდეს საფრთხეს, რომელიც რუსეთისგან მოდის.
-”ჩვენ კარგად გვახსოვს რას ეხვეწებოდა აფხაზეთის მთავრობა ქართველ დიპლომატებს. -”ჯობს, ოკეანეში დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაში”-ო, ასე ამბობდნენ მაშინ აფხაზები, რომლებიც ოკეანეში რუსეთს, ხოლო ტბაში საქართველოს გულისხმობდენ. მათ კარგად ესმით, რომ რუსეთის ხელში აფხაზი ერის დამოუკიდებლობაზე და იდენტურობის შენარჩუნებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია, მაგრამ, ბაღაფშმა ამჯერად, რუსეთს როგორც იტყვიან, გაუსწორა”.
”აფხაზებმა კარგად იციან, რომ საქართველომ რომც მოინდომოს, აფხაზი ერის ასიმილირების არც ცოდნა და არც გამოცდილება არ აქვს. ერთადერთი, თბილისელი სომხები ლაპარაკობენ ქართულად, თორემ, ჩვენ მარნეულში და ახალქალაქში ქართულიც კი ვერ ვასწავლეთ ადგილობრივებს”.
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ რუსული საფრთხის მიუხედავად, ბაღაფშს თავში აუვარდეს და მართლაც დაიწყოს აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. მაგრამ ცინცაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობას არასოდეს აღირსებს.
-”ყველას კარგი ცხოვრება უნდა. როგორ ფიქრობთ, რუსეთი გამოყოფს მილიარდებს ცხინვალის აღსადგენად? მათ მიწასთან გაასწორეს გროზნო და ამდენი წლის შემდეგაც იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ. ან კი, ამდენი წლის შემდეგ, რა გააკეთა რუსეთმა აფხაზეთში? ამიტომ, საქართველოს მთავრობა გონივრულად უნდა მოიქცეს. რუსეთის მიერ აღიარება კი, არც საქართველოსთვის ცვლის რამეს და ვერც რუსეთს მოუტანს დივიდენდებს,” - მიაჩნია სოსო ცინცაძეს.
|