Главная » 2008»აგვისტო»27 » ზემო აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდებათ
ზემო აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდებათ
11:11
აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისის სამოქალაქო ობიექტებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდებათ. როგორც "პირველს" აფხაზეთის მედიაცენტრიდან აცნობეს, ქუთაისში უკვე გაემგზავრა ექიმების 15-კაციანი ჯგუფი. მედიკოსები დევნილ და ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ყველა სახის ამბულატორიულ გამოკვლევას (ექოსკოპიური, კარდიოლოგიური, ლაბორატორიული) ჩაუტარებენ და დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტებს დაურიგებენ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან მათი პრობლემების შესწავლის მიზნით შეხვდრებს გამართავენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას განცხადებით, სამინისტროს სამსახურები და სამედიცინო პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობიდან შემოსული არცერთი ზარი და მოთხოვნა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქუთაისში კოდორის ხეობიდან ჩასახლებული 400-მდე დევნილი ცხოვრობს. როგორც ცნობილია, დახმარების პროგრამა დაფინანსებულია აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების UMCOR-ის, COUNTER-PART INTERNATIONAL-ის და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით.