აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "მოგმართავთ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი საზოგადოებისა და ამჟამად იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სახელით. რუსეთის ფედერაციას 15 წლის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოში მის მიერვე ინიცირებული კონფლიქტების მოგვარებაში პოზიტიური წვლილი შეეტანა, თუმცა პირიქით, მისმა ქმედებებმა კონფლიქტურ ზონებში ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო მაგალითი გვიჩვენა.
რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით ნიღაბი ახადა რუსეთის ნამდვილ სახეს და მსოფლიოს აჩვენა ის მწარე სინამდვილე, რომელსაც წლების განმავლობაში ცივილიზებული სამყარო თვალს არ უსწორებდა.
რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი არის სამართლებრივად და ისტორიულად მცდარი და მორალურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზ და ოს ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული განვთიარების პერსპექტივას უსპობს".
აკიშბაიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს ასწლეულობით ჩამოყალიბებული სამართლიანი პრინციპების შელახვას და კავკასიის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში სეპარატიზმის გამარჯვებას სამართლიანობასა და საღ აზრზე.
"ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ქართველები, აფხაზები და ოსები კვლავინდებურად იცხოვრებენ ერთიან საქართველოში და ააშენებენ საზოგადოებას, სადაც ადგილი არ ექნება პირადი ინტერესების საფუძველზე დამყარებულ უკანონო და ძალადობრივ პოლიტიკას", _ დასძენს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე.
|