ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ქართულ სოფლებში განხორციელებულ ეთნოწმენდასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი არსენიშვილმა კომიტეტის ხელთ არსებული ინფორმაცია გერმანიის საელჩოს პირველ მდივანს კრისტიან პლატესს მიაწოდა.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ გიორგი არსენიშვილმა განაცხადა, საქართველოში საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მოსახლეობის წმენდა ეთნიკური ნიშნით, რაც დოკუმენტალურადაც არის დადსტურებული. მისივე თქმით, ყველა ეს მასალა მიეწოდება როგორც გერმანულ მხარეს, ასევე ევროგაერთიანების სხვა ქვეყნებს.
"აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად მთლიანად დაირღვა ჟენევის მე-4 კონვენცია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მოსახლეობასთან მოპყრობას განსაზღვრავს. ის, რაც საქართველოში მოხდა, დაუშვებელია და ამის შესახებ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ევროგაერთიანებას და ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას" - განაცხადა გია არსენიშვილმა.
კრისტიან პლატესის თქმით კი, გერმანიის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
|