რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სერბეთი და კოსოვოც გმობენ. ”სერბეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს. ბელგრადი შეშფოთებით ადევნებს თვალს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.
ოფიციალური ბელგრადი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და პრინციპულად უჭერს მხარს სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, პირველ რიგში - სერბეთის რესპუბლიკის” – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის გადაწყვეტილებას კოსოვოს პრეზიდენტი ფატმირ სეიდიუც გმობს. ”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა და ვერ გახდება პრეცედენტი სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის და ტერიტორიებისთვის” - აღნიშნა კოსოვოს პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, კოსოვოს დამოუკიდებლობა ამ დროისთვის 45 სახელმწიფოს აქვს აღიარებული. ამასთან, გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.
|