უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისრო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღარებას საქართველოს ანექსიას უწოდებს. ამის შესახებ საუბარია საგანგებო განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგრეო უწყებამ დღეს გაავრცელა.
”დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმების უხეში დაღვევაა. მათ შორის, უგულვებელყოფილია გაერო-ს წესდება და ჰელსინკის 1975 წლის პირველი აგვისტოს კონვენცია ”, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ იგი არის გაერო-ს წევრი ქვეყანა.
- ”საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მარიონეტული რეჟიმების მხარდაჭერა გვარწმუნებს, რომ რუსეთში საერთაშორისო პრობლემების მოგავრებისას რეანიმაცია განიცადა დოქტრინამ - ”ძალის სამართლის” შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააერთიანოს ძალები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა.
ამასთან უკრაინა მზად არის, შეუერთდეს საერთაშორისო ძალისხმევას და დაეხმაროს საქართველოს მშვიდობის აღდგენაში.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტთან” საუბრისას განაცხადა. უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს გაერო-სა და ეუთო-ს მისიაში და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში თავისი სამშვიდობო ძალები ჩააყენოს.
- ”უკრაინა მხარს უჭერს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მანდატში მონაწილე ქვეყნების რიცხვის გაზრდას. ახალი, მრავალმხრივი, ინტერნაციონალური სამშვიდობო ფორმატი ერთადერთი გარანტიაა კონფლიქტის ზონებში მშვიდობის შესანარჩუნებლად”, - მიიჩნევს ვიქტორ იუშჩენკო. მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს აქტიურად დაეხმარება იმ ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დააზიანეს.
უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკრაინელი დიპლომატების ამ ნაბიჯმა მოსკოვს იმედები გაუცრუა.
|