რუსეთის ოპოზიციურმა პარტიამ “გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტი”, რომლის ხელმძღვანელი ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გარი კასპაროვია, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო.
პარტია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების ინტერესებს, არღვევს რუსეთის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს.
ამავე პოზიციას იზიარებს ოპოზიციური ბლოკი “იაბლოკო”, რომლის აზრით, კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება თავად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის არის სახიფათო.
“რუსეთი ყველა შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეს და უნდა იფიქროს არა მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტის მხარეებზე, არამედ საკუთარ მომავალზეც. რუსეთში ბევრი ისეთი ტერიტორიაა, რომელიც თეორიულად რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გზით წავიდეს. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება 10,15,20 წლის შემდეგ. დღეს ძალიან საშიშია ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელსაც შესაძლოა, სამომავლოდ მსგავსი ტერიტორიები დაეყრდნონ”, - განაცხადა “იაბლოკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მიტროხინმა.
|