Главная » 2008»აგვისტო»27 » კონსტიტუციაში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესა და ხელისუფლებას დეოკუპაციას დაავალდებულებს
კონსტიტუციაში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესა და ხელისუფლებას დეოკუპაციას დაავალდებულებს
19:16
საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას სთავაზობს, რომელთა თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია ნებისმიერი მოქალაქისა და ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულება იქნება. როგორც ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების პარალელურად, ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაშიც. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამართლებრივ დოკუმენტს, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტით უნდა განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსი, რუსეთთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან შემდგომი ურთიერთობები. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, მასში ასევე უნდა დაფიქსირდეს ეთნოწმედისა და რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ფაქტორი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებოდ შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი დღეს შეიკრიბა. ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების წევრებს აერთიანებს, მუშა ფორმატში შეიკრიბა და საკუთარი ხედვები შეაჯერა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს ეს დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც პარლამენტში 16:00 სთ-ზე გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი ზოგადად საერთაშორისო საკანონმდებლო სისტემაში, როდესაც ასეთი შინაარსის სამართლებრივი აქტი იქმნება.