რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდეგ, ლიახვისა და ფრონის ხეობებში მდებარე ქართული სოფლები რუსულ-ოსური საჯარისო შენაერთების მიერ არაერთხელ გაიძარცვა. მარადიორები ძირითადად ღამით მოქმედებენ და განსაკუთრებით იმ სახლებს არბევენ, სადაც ქართველი ჯარისკაცები, ან პოლიციელები ცხოვრობენ. მარადიორებთან ერთად მოქმედებენ ცხინვალელი ქალებიც. ქართველების სახლებში შეჭრის შემდეგ, სწორედ ქალები არჩევენ იმ ნივთებს, რომლებსაც შემდეგ სეპარატისტები სატვირთო ავტომანქანებზე ტვირთავენ და ვლადიკავკაზისაკენ ეზიდებიან.
პატარა ლიახვის ხეობის მკვიდრო გია კოკორაშვილი თბილისში 26 აგვისტოს ჩამოვიდა. ომის დაწყების შედეგ, გია და მისი ორი თანასოფლელი ტყეებში იმალებოდნენ და ლიახვის ხეობაში ქართველი პოლიციელების შესვლის იმედი ბოლო მომენტამდე ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა სახლების გაძარცვასთან ერთად, მათი ტრაქტორებით ნგრევაც დაიწყეს, ტყეში გახიზნული ქართველები იძულებულნი გახდნენ, კონფლიქტოს ზონას გამორიდებოდნენ. მით უმეტეს, უკვე გაგაბეული ჰქონდათ, რომ მათსავით ტყეში გახიზნული ფრონის ხეობის სოფელ ნულის ორი მცხოვრები 23 აგვისტოს სეპარატისტებმა სადისტურად აწამეს და დახოცეს.
გია კოკორაშვილი: ”ტყიდან მხოლოდ ღამით გამოვდიოდით და ისიც იმიტომ, რომ ჩვენმი სოფელი და სახლები დაგვეზვერა. ბევრი სახლი ომის დროს დაინგრა და დაიწვა, მაგრამ სახლების უმეტესობა მაინც იყო და იმედი გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან სოფელშო დაბრუნებასაც შევძლებდით. 22 და 23 აგვისტოს, პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ქსუისში ოსები ბეტეერებითა და 5 სატვირთო მანქანით შევიდნენ. უკვლებლივ ყველა სახლი გაძარცვეს და გადაწვეს. შემდეგ კი, მოიყვანეს ტრაქტორები, კატოკი და დამწვარი სახლების მიწასთან გასწორებას შეუდგნენ. ამას ოსები იმიტომ აკეთებენ, რომ სოფლებში ქართველები ვეღარასოდეს დაბრუნდნენ. ჩვენ რა უნდა გვექნა? შორიდან ვუყურებდით ამ უბედურებას და იარაღიც რომ გვქონოდა, რას ვიზამდით? თან სახლიდან წაღებული საჭმელებიც გამოგველია და იძულებული გავხდით, გორის მხარეზე შუაღამესც გადმოვპარულიყავით. არც დიდი ლიახვის ხეობის სოფლებს ადგას კარგი დღე, მაგრამ პატარა ლიახვის ხეობაში საერთოდ ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული” რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების შემდეგ, სეპატარისტებმა ჩათვალეს, რომ მთელი ლიახვის ხეობა უკვე მათ დაუკანონდათ. 26 აგვისტოს, ამ ფაქტის აღსანიშნავად, სეპარატისტებმა ქართულ სოფლებში კიდევ ერთი წმენდა ჩაატარეს. სახლებში შემორჩენილი ქართველი მოხუცები ცემა-ტყეპით ცხინვალისაკენ გაირეკეს. სადაც კი საქონელი ან ქათმები ნახეს, ყველაფერი წაიღეს და შუა ცხინვალში ქართველებისავე ღვინით დიდი ქეიფიც მოაწყვეს. ოსებთან ერთად ”საერთო სახალხო ზეიმში” რუსი ჯარისკაცებიც იყვნენ ჩართულნი.
სეპარატისტები ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ იმუქრებოდნენ, რომ თუ საქართველო მათ დამოუკიდებლობას ხელს შეუშლიდა, ცხინვალთან ახლოს ერთ ქართველსაც კი არ გააჭაჭანებდნენ. სეპარატისტები ახლა სწორედ იმ ძველი მუქარის თანახმად მოქმედებენ. ჩვენთან საუბარში ნიქოზელები და თამარაშნელები აცხადებენ, რომ თუკი ყველაფერი ქართველების სასიკეთოდ წარიმართა და დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის ქართულ სოფლებში მაინც მოხდა ხალხის დაბრუნება, მათ სახლებში (თუკი მანამდე რომელიმე სახლი გადარჩა) ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მთლიანად გაძარცვულ და დანაღმულ სახლში დაბრუნება დიდი ვერაფერი პერსპექტივაა.
|