ფრანგული გაზეთი ”ლე ფიგარო”-ს შეფასებით, შავ ზღვაში მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირება ძლიერდება.
სტატიის ავტორის, იზაბელ ლასერის აზრით, ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსეთის ფლოტის მომავალი, შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. იქნება თუ არა ყირიმის ომი? პუტინის რუსული ნაციონალიზმი დაუპირისპირდება თუ არა ნატო-ს? ეს ის კითხვებია, რომლებიც ევროპას რუსეთის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოსკოვმა სუვერენული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
ევროკავშირის გაფართოების კომისარი ოლი რენი გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა, შესაძლოა, გახდეს შემდეგი ქვეყანა, რომელზეც ზეწოლას რუსეთი განახორციელებს.
ამავე აზრს იზიარებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომლის თქმითაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ რუსეთი უკრაინას ყირიმში, ხოლო მოლდოვას დნესტრისპირეთში შეუქმნის პრობლემებს.
გაზეთის მტკიცებით, უკრაინასა და რუსეთს შორის შავ ზღავზე დაპირისპირების ფაქტები შეშფოთების საფუძველს მხოლოდ აძლიერებს. ოთხშაბათს რუსეთის ფლოტმა მიიღო დავალება, თვალ-ყური ადევნოს შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების გადაადგილებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონაში გამოჩდნენ. საპასუხოდ უკრაინამ განაცხადა, რომ სევასტოპოლში განლაგებულ რუსეთს ფლოტის არენდის საფასურს გაუზრდის.
სტატიაში აღნისნულია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ყრიმისთვის დავას დიდი ხნის ისტორია აქვს. ნიკიტა ხურშჩოვის გადაწყვეტილებით, 1954 წელს ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას გადაეცა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნახევარკუნძულის მოსახლეობა რუსულენოვანია და კრემლს უჭერს მხარს.
1997 წლის ხელშეკრულებით, რუსული ფლოტი ყირიმში 2017 წლამდე უნდა იდგეს, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ყოველთვის ბუნდოვნად პასუხობდა კითხვაზე, თუ რა ბედი ეწეოდა რუსულ ფლოტს 2017 წლის შემდეგ.
მიმდინარე წლის მაისში მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთის იყო და მოსკოვმა რომ მოისურვოს, იგი კვლავ რუსეთს დაუბრუნდება.
რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აქციის შემდეგ კიევმა მხარი თბილისს დაუჭირა და რუსეთის გემებს ზღვაში მოძრაობა იმის გამო შეუზღუდა, რომ მათი მოქმედებით ხელს უწყობენ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მოსკოვი უკვე ახლა უნდა ემზადოს სევასტოპოლიდან 10-12 ათასი მეზღვაურის გაყვანისთვის.
- ”გარწმუნებთ, რომ 2017 წლის შემდეგ რუსეთის ფლოტი უკრაინის ტერიტორიაზე აღარ იქნება”, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ.
თუმცა, როგორც ეტყობა, მოსკოვი არ აპირებს ამ სტრატეგიული ნახევარკუნძულიდან წასვლას, საიდანაც საშუალება აქვს, აკონტროლოს კავკასია, ევროპის საზღვაო საზღვრები, ხელი მიუწვდება ბოსფორამდე და ხმელთაშუა ზღვამდე.
ყირიმის ნახევარკუნძული კიევისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნახევარკუნძული ევროპისთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია გახდა. ასე რომ, მხარეებმა მართლაც იციან რისთვის უღირთ ბრძოლა. გამორიცხული არ არის, თავისი ინტერესების დასაცავად აქ მდგომი გემებს, რომელთა ქვემეხებს 1916 წლის შემდეგ არ გაუსვრიათ, ახლა გახსნან ცეცხლი.
|