ვის სურდა ომის დაწყება უკვე გამოვთქვით მოსაზრებები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, ვინც ომი დაიწყო, შესაძლებელია არ იყოს ომის ინსპირატორი. ახლა შედეგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული სამხედრო ესკალაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კონფლიქტში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობებისგან.
რუსეთმა მოიგო ომი და მიიღო ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე; კიდევ უფრო გაუარესდა კომუნიკაცია ქართველებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის; გაიზარდა რუსეთის გავლენა მთლიანად კავკასიაში; გაიზარდა გავლენა ამიერკავკასიის ენერგოდერეფნის პოტენციურ ინვესტიციებზე.
იმის მიუხედავად, რომ საომარი რიტორიკა საქართველოდან დაიწყო, რუსეთს არ უცდია პოლიტიკური მეთოდებით ამ გაუმართლებელი აღტკინების ჩახშობა. პირიქით, რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, მას ამ კონფლიქტიდან კონკრეტული სარგებლის მიღება შეეძლო.
ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ, მაგრამ არ იყო სათანადოდ კატეგორიული, როცა საქართველოს სამხედრო სამზადისი თავდაცვის მოთხოვნებს აშკარად აჭარბებდა.
შესაძლებელია, ევროკავშირის მოზომილი დამოკიდებულება დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისადმი საომარი მოქმედებების ინსპირაციას აღვივებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ, სწორედ ამ ომის წყალობით, ევროკავშირმა შემოდგომის პირზე მიიღო პოლიტიკური ფრონტის საწინააღმდეგო ხაზზე მყოფი გაბრაზებული ენერგომიმწოდებელი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ომით მიიღო ვალდებულება ევროკავშირისგან, რომ იგი უფრო ერთგული პარტნიორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, მიიღო გალაწუნებაც რეგიონში საკუთარი ინტერესების (შესაძლოა არასწორი ან არასაკმარისი) ინვესტირების გამოც; შესაძლბელია მიიღო ამერიკელი ხალხის ნებართვაც რეგიონში სამხედრო კომპონენტის გამოყენებაზე.
საქართველომ წააგო ომი, დაკარგა (როგორც ხელისუფლება აცხადებდა) რეგიონის საუკეთესო არმია და მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა, თუ წარმოსახვით რეალობაში ომში გამარჯვებულ საქართველოს პრეზიდენტს შევაფასებთ, ის იქნებოდა გმირი 7 ნოემბრის მოვლენების მიუხედავად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის აშკარა გაუარესების მიუხედავად, ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისადმი საზოგადოების სრული უნდობლობის მიუხედავად.
საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობის აღსადგენად საქართველოში ტერიტორიული საკითხის მოგვარება ერთადერთი პანაცეა იყო.
ყბადაღებული წარმატება ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სხვა წარმატებულ კომპონენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. უცნაურია, რომ წარმატებაზე საქართველოს მხარის გარდა არავინ ლაპარაკობს.
სააკაშვილი ამაყობს იმით, რომ მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. არის ეს იმის გარანტია, რომ აფხაზები და ოსები მოინდომებენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას და რუსი სამხედროების გასვლას?!
11 აგვისტოს, როცა რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, მთავრობა განიხილავდა საკითხს, როგორ ეჩვენებინათ, რომ მთავრობა წარმატებულად მუშაობდა.
იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ომი რუსეთის პროვოცირებული, ხელისუფლებამ იგი ვერ აიცილა და აქტიური საომარი მოქმედებები წამოიწყო. რამდენიმე საათში ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთო და საბრძოლო სურათი ისე მომენტალურად შეცვალა, გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმეწლიანი გაუთავებელი ხმაური ქართული არმიის წარმატებული აღმშენებლობის შესახებ.
რუსულმა არმიამ საქართველოდან წარმატებით გაზიდა საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით შეძენილი სამხედრო აღჭურვილობა. იმ ბიუჯეტით შეძენილი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ მოთხოვნებს იგნორირებდა და უდიდეს ნაწილს საქართველოს სამხედრო წარმატებაში აბანდებდა.
ომის პერიოდში იყო ეპიზოდები, როცა ხელისუფლება წარმატებებზე ვეღარ მოგვითხრობდა, მაგრამ წარუმატებლობებს მაინც არ ავლენდა: ხელისუფლება და საპროპაგანდო მანქანა არ ამბობდა, რომ ქართული შენაერთები დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი სამხრეთისკენ გადაჯგუფდნენ, რომ ათიათასობით მოქალაქე ტოვებდა საცხოვრებელს; უფრო მეტიც, დევნილები იკრიბებოდნენ მერიასთან, პარლამენტის შენობასთან, ისინი დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლება ამ ადამიანებს არ იმჩნევდა.
ხელისუფლება არ ასახელებდა მსხვერპლის რაოდენობასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი პრესისთვის წარმატებული განცხადებების შემდეგ მთავრობის კულუარებში ჟურნალისტებთან ჩურჩულებდა, რომ საქართველოს ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად იყო შერყეული.
ომის დღეებში დასავლეთი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლს და საქართველოს პრეზიდენტი ამ დახმარებასაც საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა. დასავლეთის ძალისხმევა - შეეჩერებინათ რუსეთის აგრესია, ქართულმა პროპაგანდამ საქართველოს მთავრობის დამსახურებად გაასაღა.
ფაქტი იყო, რომ... საქართველოს სამხედრო წარმატებას რუსეთი არ დაუშვებდა ერთი მთავარი მიზეზით - ოსეთში საქართველოს სამხედრო წარმატებას ჯაჭვურად მოჰყვებოდა გაყინული კონფლიქტების გააქტიურება ყარაბაღში, აფხაზეთში და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთის გავლენა შემცირდებოდა;
კონფლიქტში რუსული რეგულარული ჯარების ჩართვამ და საომარი მოქმედებების კონფლიქტის ზონის გარეთ გატანამ გადაფარა `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების~ მილიტარისტული აქტივობები და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ აღარ გაჟღერებულა (განსაკუთრებით ქართული ტელეკომპანიებით).
დასავლეთმა არასათანადოდ შეაფასა სააკაშვილის დასავლური თამაშები. მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი გამოაცხადა ნატოს და დასავლური დემოკრატიის მოკავშირედ და სათანადოდ არ აფასებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ დემოკრატიის ის დოზა, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში დარჩა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისთვის.
და ბოლოს სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისგან გაიჟღერა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების გადაყენება სურდათ. ეს მოწოდება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც დასავლელი პოლიტიკური წრეებისთვის, ასევე ქართული ოპოზიციისთვის.
რუსეთის მხარემ კი, რომელმაც სააკაშვილის გადაყენება მოითხოვა, მშვენივრად ისარგებლა სააკაშვილის მიერ გაყვანილი გზით კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობა აფხაზეთს შეუერთა. ასევე, ისარგებლა ქართული პოზიციებიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით და ომში ჩაერთო, საიდანაც მიიღო მინიმუმ ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.
რატომ უნდა მოეთხოვათ რუსებს ყოველივე ამის შემდეგ სააკაშვილის გადაყენება და, თუ მაინც და მაინც ეს სურდათ, განა მათთვის ცხადი არ იქნებოდა, რომ მათი ლოზუნგები მოწინააღმდეგე მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა და ისევ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს...
|