12 ქართველი სამხედრო ტყვე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ ფოთში დააკავეს, კრემლმა ქართველ მხარეს გენერალ რომან დუმბაძეზე გაუცვალა.
ვინ არის გენერალი დუმბაძე და რატომ მოითხოვა რუსეთმა მაინცდამაინც ის?
დუმბაძე ქართულმა საზოგადეობამ ე.წ. აჭარული რევოლუციის დროს გაიცნო. მან აჭარაში ხიდები ააფეთქა.
საქართველოდან გაქცეული დუმბაძე ასლან აბაშიძის ყველაზე მტკიცე დასაყრდენად ითვლებოდა. დუმბაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “ვარდების ხელისუფლებამ” 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
- ”გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა იმ პირის გადაცემა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს არის რომან დუმბაძე. მან თავის დროზე აჭარაში ხიდები ააფეთქა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერი გაირკვა. როგორც ბორისოვმა თქვა, დუმბაძე იცხოვრებს მის აგარაკზე პოდმოსკოვიეში. ჩვენ დუმბაძე გადავეცით, რადგან ჩვენთვის ტყვეების, ჯარისკაცების სიცოცხლე და ცხედრების გადმოსვენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი კრიმინალი დუმბაძე", - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ ტყვეების გაცვლის შემდეგ გააკეთა.
მაშასადამე, გამოდის, რომ რუსულ ინტერვენციაში ქართული პოლიტიკის რევოლუციამდელი ელიტა, ანუ როგორც მათ უწოდებენ - რევანშისტები, აქტიურად არიან ჩართულნი?
ალბათ, ასეა. ყოველ შემთხვევაში, თამაშში რომან დუმბაძის, უფრო სწორად, ასლან აბაშიძის გამოჩენა შემთხვევით არ მომხდარა. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ბიურის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. აჭარის რევოლუცია გაიხსენა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აბაშიძის რეჟიმის დასრულებაში ხელს უშლიდა.
ამ გადასახედიდან, შემთხვევითი, ალბათ, პრეზიდენტის ეს განცხადება იყო. ერთი სიტყვით, ასლან აბაშიძე ბუჩქებიდან გამოვიდა.
პოლიტიკური პროსტრაციის ზღვარზე მყოფი კრემლის ადმინისტრაცია, ალბათ, სხვა რევანშისტებსაც “გააცოცხლებს”. რუსეთის საგარეო უწყება აღარც მალავს, რომ დერჟავის მთავარი მიზანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაა.
მედვედევ-პუტინს, ალბათ, სწორედ ის აღიზიანებთ, რომ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერებიც ხელისუფლების გვერდით დადგნენ. ჩრდილოეთში ამას, ცადია, ვერ წარმოიდგენდნენ. იქ, ალბათ, იმედი ჰქონდათ, რომ თბილისის თავზე რევანშისტულ დროშას ააფრიალებდნენ.
|