აფხაზეთის მთავარ ქალაქში კრეისერი ”მოსკოვი” - შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, რომელიც ანტისახომალდო სარაკეტო კომპლექსითაა აღჭურვილი - და ორი სარაკეტო კატერი შევიდა.
- ”ხომალდები უსაფრთხოების ზონებში სამშვიდობო ამოცანების შესრულებას გააგრძელებენ”, - იუწყება სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი იგორ დიგალო.
რუსულ ხომალდებს პორტში სერგეი ბაღაფში და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. სოხუმის პორტში რუსული და აფხაზური დროშები ფრიალებს.
მოსკოვის მიერ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცნობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ შეიარაღებულ ძალებს დაავალა უზრუნველყონ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობის მხარდაჭერა” მეგობრობის შესახებ შეთანხმების დადების დასრულებამდე.
თავის მხრივ, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი უახლოეს ხანში რუსეთთან ხელს მოაწერს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
“სივიწროვეა” ორიოდე დღის წინ, როცა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელს ანატოლი ნოგოვიცინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რამდენად შორს დგანან ერთმანეთისგან ნატოსა და რუსეთის ხომალდები, მან განაცხადა: ”შავ ზღვაზე ამგვარი დაჯგუფებისთვის სივიწროვეა, მით უმეტეს, რომ ლოკაციური საშუალებები ყველა სამხედრო ხომალდს აქვს, ხოლო დაზვერვის წარმოების რადიუსი - 300-დან 400 კმ-მდეა.”
- ”გარდა ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობიდან ხომალდების დამატებას, თუმცა რუსეთს აქვს ამის შესაძლებლობა.”
რუსეთი ვაშინგტონს ბრალს სდებს ”ძალის დიპლომატიაში” და ამტკიცებს, რომ ამერიკულმა ხომალდებმა ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანის მიზეზით თბილისში იარაღი შემოიტანეს.
- ”ნებისმიერ ხომალდს შეუძლია შემოსვლა - ამერიკულსაც და რომელსაც გნებავთ, იმასაც, და შეუძლია ჰუმანიტარული ტვირთი შემოიტანოს, ხოლო რაც ამერიკელებს ჰუმანიტარული ტვირთით შემოაქვთ, ეს რასაკვირველია იარაღია,” - განაცხადა მედვედევმა BBC-სთან ინტერვიუში.
პენტაგონი უარყოფს ამ ბრალდებას.
|