საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი რამ ფუჭდება და ინგრევა. რუსები კვლავაც აჩანაგებენ ქართულ სოფლებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნოებას. ამ დროს ჩვენმა სასიქადულო ეკონომისტებმა უკვე დაადგინეს, რომ ქვეყანას 1 მილიარდ დოლარზე მეტი არ უზარალია.
დამოკიდებელი ექსპერტები პირდაპირ და გრძელვადიან ზარალზე საუბრის დროს აცხადებენ, რომ თანხობრივ გამოხატულებაში საქართველომ 10-15 მილიარდი იზარალა. მთავრობა კი, ისევე როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც ზერელედ ეკიდება და გურგენიძის პირით აცხადებს, რომ ეკონმიკური დანაკარგები არც ისე დიდია.
ამერიკის საელჩოში საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელმა ამერიკულმა დელეგაციამ სამდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა. აღნიშნულ ბრიფინგს ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ესწრებოდნენ.
რუბენ ჯეფრის თქმით, პირველ ეტაპზე გადასაჭრელ საკითხს ჰუმანიტარული დახმარება წარმოადგენს, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან იღებს. მეორე ეტაპზე კი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რეაბილიტაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის განვითარება უნდა მოხდეს. ამერიკელებს კონკრეტულად მათ მიერ გამოყოფილი დახმარების ოდენობა არ დაუსახელებიათ.
სამაგიეროდ, ჩვენმა ეკონომისტებმა მწრაფლ დაადგინეს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებულმა ზარალმა სსულ რაღაც 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგენა. ასეთი მოულოდნელი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ გააკეთა. არადა, დამოუკიდებელი ექსპერტები 10 და 20-მილიარდიან ზარალზე საუბრობენ.
- “რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებულმა ზარალი, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს მზარდ განვითარებას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამიტომაც მიმდინარეობს ეკონომიკური დახმარების შესახებ მოლაპარაკებები როგორც ამერიკასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან.
- “საქართველო დასავლელ პარტნორებთან ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენა, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. ეს გამოიხატება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში და სხვა მსგავს საკითხებში”, - განაცხადა გურგენიძემ.
საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის ეკონომიკურ დახმარებაზე საუბარი 11 აგვისტოდან მიმდინარეობს. ამ საკითხზე ანალოგიური დისკუსიები ევროპულ ქვეყნებთანაც იმართება.
სანამ ამერიკა და ევროპა ჯიბეზე ხელს გაიკრავდნენ, მანამდე დაზიანებული სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენა თავად საქართველოს მთავრობამ ითავა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული სამხედრო ობიექტების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სენაკისა და გორის სამხედრო ბაზების რეაბილიტაცია უმოკლეს დროში მოხდება. შედარებით დიდი დრო დასჭირდება სარადარო-საკომუნიკაციო სისტემების აღდგენას.
ქუთელიამ სამხედრო ობიექტების დაზიანებით ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ვერ დაასახელა. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე დღემდე რჩებიან.
ზარალის დადგენაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი სამუშაო ჯგუფები დაეხმარება. ამასთან, ისინი არა მხოლოდ ზარალის ოდენობას განსაზღვრავენ, არამედ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიარაღებული ძალებით სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებასაც დაიწყებენ.
მთავრობამ ჯერ სიტყვით, მაგრამ მაინც დაადასტურა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის საოკუპაციო ჯარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს დაეხმაროს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს წამოსცდა.
მისი ინფორმაციით, შიდა ქართლში საომარი მოქმედებების დროს რამდენიმე საწარმო დაზიანდა.
- “რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს და მწყობრიდან გამოიყვანეს რეგიონში მდებარე საწარმოები. ჯერჯერობით დათვლილი არ არის ის ზარალი, რაც მეწარმეებმა ამ პერიოდში მიიღეს. მას შემდეგ რა ზარალის დათვლა დასრულდება ხელისუფლება ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ მეწარმეებს მაქსიმალურად დაეხმაროს და ქვეყანაში სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა კვლავ აღმავლობის გზას დააგეს”, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
|