რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და იტალიიდან ჩამოსული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რუსი სამხედროების ნამოქმედარის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა აგიტ მირზოევმა განუცხადა, 25 აგვისტოდან საქართველოში რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის და იტალიის არასამთავრობო ორგანიზაციათა და ექსპერტთა მონიტორინგის ჯგუფი იმყოფება, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას სწავლობენ.
მირზოევის თქმით, მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. სამხედრო და პოლიტიკური სფეროს გარდა შესწავლილ იქნება ჰუმანიტარული და დაზარალებულთა უფლებების დარღვევის თუ დაცვის ფაქტები.
- ”მონიტორინგის გარდა, ჩამოსული ექსპერტები შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ რუსეთის საზოგადოებას, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. იქ საინფორმაციო ვაკუუმია. აქაც არავინ იცის იმის შესახებ, რომ რუსეთშიც არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო რუსეთის ხელისუფლების მისამართით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქ მყოფი რუსი ექსპერტები რუსული სამხედროების ნამოქმედარით შოკში არიან”, - განაცხადა აგიტ მირზოევმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფი მონიტორინგის ჯგუფი სპეციალურ მიმართვას შეადგენს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას შეახსენებს იმ ვალდებულებების შესახებ, რაც მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე აიღეს.
მონიტორინგის ჯგუფის შეფასებების ოქმი 4 სექტემბერს ევროპის სასამართლოს რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო დაინიშნა.
|